ქუთაისურ საწარმოში დასაქმებულებს "ქალთა კომიტეტმა" შრომითი უფლებები გააცნო
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების "ქალთა კომიტეტის" წევრები 7 ოქტომბერს ქუთაისში, სს სამკერვალო კომპანია "იმერის" წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათი განმარტებით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საწარმოში დასაქმებულთათვის იმ ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომლებიც შრომის კოდექსში რამოდენიმე დღის წინ შევიდა. აღნიშნული საკითხები სწორედ ქალთა შრომით უფლებებს ეხებოდა. პროფკავშირების წარმომადგენელთა თქმით სამკერვალო კომპანია "იმერი" იმიტომ შეარჩიეს, რომ აქ დასაქმებულთა 98% ქალია.
"ვნახეთ "იმერის" თანამშრომელთა შრომის პირობები და ალბათ შევჯერდებით რა შეიძლება გაკეთდეს ამ ორგანიზაციისთვის სოციალური პარტნიორობის სისტემის ფარგლებში," – განაცხადა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, "ქალთა კომიტეტის" თავმჯდომარემ ეთერ მათურელმა.
გასულ კვირას პარლამენტშიც შეჯერდნენ ქალთა შრომის უფლბებთან დაკავშირებით და დაჩქარებული წესით მიიღეს ცვლილებები და დამატებები შრომის კოდექსში. (მაგალითად, ის რომ დეკრეტული შვებულების ანაზღაურების დღეთა რაოდენობა გაიზარდა – 126 ანაზღაურებადი დღე გახდა 183, ხოლო ტყუპების შემთხვევაში – 200. ასევე, გაიზარდა მთლიანად უხელფასო შევებულებაში ყოფნის დღეთა რაოდენობა 477–დან 730 დღემდე).
ეთერ მათურელის თქმით, მათი ორგანიზაცია 9 წელი ცდილობდა
შრომის კოდექსში ამ ცვლილებების შეტანას და ბევრი საპროტესტო აქციაც მიუძღვნა ამ საკითხს.
ახალი ხელისუფლების პირობებში, როცა შრომის კოდექსში ცვლილებები შევიდა, პირველ ჯერზე
ქალთა შრომის უფლებებთან დაკავშირებული მხოლოდ ერთი საკითხი გავიდა. რის შემდეგაც, აღნიშნულმა
ორგანიზაციამ შეიმუშვა წინადადებები ქალთა შრომითი უფლებების შესხებ. თუმცა, პარლამენტმა ცვლილებები და დამატებები პროფკავშირების გარეშე შეიტანა შრომის კოდექსში.
აღნიშნულ ცვლილებებს წინგადადგმული ნაბიჯის კვალიფიკაციას აძლევს "ქალთა კომიტეტის" თავმჯდომარე. თუმცა, იმედოვნებს შემდგომი მუშაობის გაგრძელებას კანონის სრულყოფის და ქალთა შრომის უფლებების დაცვის კუთხით.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი