პარლამენტში მომხდარი ნგრევის გამო დავით ქავთარაძე დააკავეს
ქუთაისის პარლამენტში 7 ივნისს მომხდარი ნგრევის გამო სამართალდამცველებმა დავით ქავთარაძე დააკავეს. მას, როგორც სამშენებლო კომპანიის საქმისმწარმოებელს ბრალი ედება უსაფრთხოების წესების დაუცველობაში.
"ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირზე, ადმინისტრაციული შენობების მიმდებარედ არსებულ მშენებლობაზე, სამშენებლო კომპანიის თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გამოძიების მიმდინარეობისას დადგინდა, რომ მშენებლობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირმა, სამშენებლო კომპანიის საქმისმწარმოებელმა დავით ქავთარაძემ არ უზრუნველყო უსაფრთხოების წესების დაცვა, რის გამოც 2012 წლის 07 ივნისს ჩამონგრეული სამშენებლო ხარაჩოს ქვეშ მოჰყვა და მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა სამშენებლო კომპანიის თანამშრომელი რეზო ნებიერიძე.
2012 წლის 09 ივნისს დავით ქავთარაძე ბრალდებულად იქნა ცნობილი დანაშაულისთვის, რომელსაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილი," – აღნიშნულია პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიების სახით დავით ქავთარაძეს პატიმრობა შეუფარდა.
ავტორი: ნიუპრესი