|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცაგარეიშვილი: ქუთაისში აქციამ მოლოდინს გადააჭარბა

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები ქუთაისში გამართული აქციით და იქ მყოფი მოსახლეობის რაოდენობით კმაყოფილები არიან. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ქუთაისის აქციას 55 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა.

„მოლოდინს გადააჭარბა იმან, რაც დღეს მე ქუთაისში ვიხილე. ჩვენ ამ აქციისთვის ვემზადებოდით უკვე 27 მაისიდან, თბილისის აქციის შემდეგ. მე პირადად, ათი დღის განმავლობაში დავდიოდი შეხვედრებზე ჭიათურაში, საჩხერეში, ხონში. ყველგან ერთი სურათია. ერთი მხრივ საშინელი სიდუხჭირე და მეორეს მხრივ, იმედი ხვალინდელი დღის, რაც დაკავშირებულია ქართული ოცნების ახდენასთან. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ იმერეთი წელში გაიმართოს. დღეს აქციაზე ათიათასობით ადამიანი იყო შეკრებილი.  ასეთი რამ ქუთაისში მოხდა პირველად,“ – აღნიშნა კოალიციის ერთ–ერთმა ლიდერმა გია ცაგარეიშვილმა.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ქუთაისის აქციას 55 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა - IPN-მა მონაცემები google map-ის სპეციალური პროგრამით დათვალა. საერთაშორისო მედიაში აღიარებული სტანდარტების მიხედვით, მანიფესტაციაზე ხალხის რაოდენობა შემდეგი წესით ითვლება: google map-ის სპეციალური პროგრამის მეშვეობით გაიზომა "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებული აქციის ტერიტორია.
ფართობი პირობითად 4 ნაწილად დაიყო. თითოეულ ნაწილზე ხალხის სიმჭიდროვე განსხვავებული იყო. ყველაზე მჭიდროდ ხალხი ტრიბუნის წინ მოედანზე იდგა, მათ შორის გარშემო არსებულ გამწვანებაშიც. დაახლოებით 8000 კვადრატულ მეტრ ფართობზე კვადრატულ მეტრზე 4 კაცის დაანგარიშებით 32 000 მომიტინგე იდგა.
ტრიბუნის უკან მდებარე მრავალსაფეხურიანი კიბის ფართობი დაახლოებით 1000 კვადრატული მეტრია. აქ საშუალო სიმჭიდროვე იყო _ კვადრატულ მეტრზე 2 ადამიანი, დაახლოებით 2000 კაცამდე. მოედნის გაგრძელებაზე, აღმაშენებლის გამზირზე მაღალი სიმჭიდროვე იყო. მთლიანობაში დაახლოებით 3500 კვადრატულ მეტრ ფართობზე, კვადრატულ მეტრზე, წინა ნაწილში 4 და მეორეში 3 კაცის დაანგარიშებით დაახლოებით 12 000 ადამიანი იდგა.
ხალხი იდგა აღამაშენებლის გამზირისა და წერეთლის ქუჩის გადაკვეთაზეც. დაახლოებით 3000 კვადრატულ მეტრი ფართობის ნახევარზე მაღალი სიმჭიდროვე იყო. დაახლოებით 6000 კაცი. ხოლო მეორე ნახევარზე მეტი სიხალვათე შეინიშნებოდა - დაახლოებით 3000 კაცი. 
შესაბამისად, საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ 10 ივნისის აქციაზე 18.00 საათისთვის მომიტინგეთა რაოდენობა ქუთაისში დაახლოებით 55 000- შეადგენდა,“ – ნათქვამია „ინტერპრესნიუსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„დღევანდელმა შეხვედრამ სააკაშვილის კიდევ ერთი მითი გააქარწყლა, რომ თითქოს მხოლოდ თბილისში არ უჭერენ მხარს მას და დანარჩენ რეგიონებში მხარს უჭერენ. დღეს გამოჩნდა რომ ეს ასე არ არის. იმერეთმა თქვა დღეს მთელი საქართველოს სათქმელი. სააკაშვილის დრო ამოიწურა. მოვიდა ძალიან ბევრი ხალხი. იმდენი, რამდენსაც ველოდით“ – აღნიშნა კოალიციის ერთ–ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა.

,,ძალიან კმაყოფილები ვართ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრით. ვნახოთ რა იქნება მომავალში. ძალიან კარგი პროგრამა წარმოადგინა. წარმოუდგენელია ეს არ მოგეწონოს“ – აღნიშნა აქციაზე მყოფმა ნათელა გიორგაძემ.

ავტორი: ხათუნა მაისურაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა