|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიაში ჟურნალისტების მუშაობას მედიაცენტრით შეზღუდავენ?

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში  მედიაცენტრი ამუშავდება. რეორგანიზაციის შედეგად  ჟურნალისტებს შენობაში ვიდეოკამერებით თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობა შეეზღუდებათ.

მედიაცენტრის შექმნის შესახებ იმერეთის  სამხარეო ადმინისტრაციის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი  ზეინაბ ხაჩიძე საუბრობს. „წინ პოლიტიკურად ცხელი ზაფხული გველოდება და აუცილებელია დარეგულირდეს ურთიერთობა მედიის წარმომადგენლებსა და საჯარო მოხელეებს შორის. ისე არ უნდა ხდებოდეს, რომ  რომელიმე მხარეს მუშაობაში ხელი  შეეშალოს,“ - განმარტავს ზეინაბ ხაჩიძე. მისივე თქმით,  აღნიშნული  რეორგანიზაციით ყველა მედია საშუალება ერთნაირ პირობებში იმუშავებს. „გარკვეულ შემთხვევაში შეიძლება კამერებს თავისუფლად გადაადგილება შეეზღუდოთ.  საკითხი დახვეწას და ცივილიური ფორმით გადაწყვეტას საჭიროებს“, - აღნიშნავს ხაჩიძე. 

სამხარეო ადმინისტრაციის ადმინისტარციულ სამასახურში განმარტავენ, რომ მედია ცენტრის ამუშავების იდეა უკვე არსებობდა. ცნობილი ხდება, რომ მედიაცენტრის ამუშავების იდეა 31 მაისს, მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მომხდარმა  ინციდენტმა „დააჩქარა“. 

საქმე იმაშია, რომ  მიმდინარე წლის 31 მაისს ტელეკომპანა „მეცხრე არხისა“ და საინფორმაციო სააგენტო „ინფო-9“–ს ჟურნალისტები  მერიის ერთ-ერთი  სამსახურის წარმომადგენელთან კომენტარის ჩასაწერად შენობაში არ შეუშევს. დაცვამ  ჟურნალისტებს კამერის დატოვება მოსთხოვა.

„გვითხრეს,  რომ  სიაში არ ვიყავით და ამიტომ არ გვიშვებდნენ. ავედი მერიის პრესსამსახურში და იქ 10 წუთში გამიკეთეს აკრედიტაცია. თუმცა, მერიის პრესსამსახურმა ქეთი დეისაძემ, მითხრა, რომ  დღეიდან უკვე  აიკრძალა ტელევიზიებისთვის კამერებით მერიის შიგნით მუშაობა“, - ამბობს „მეცხრე არხის“ ქუთაისის  ადგილობრივი ბიუროს ჟურნალისტი თორნიკე ხურციძე.

ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლები მედიაცენტრის შექმნის იდეას მიესალმებიან იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალისტებს თანაბარი პირობები და ნორმალური მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ.

„ქუთაისის თვითმმართველობის შენობაში მედიაცენტრის მუშაობის იდეას მივესალმები. თუკი ნებისმიერ მედია-საშუალებას ექნება შექმნილი ყველა ის პირობა, რომ იმუშაოს დაბრკოლების გარეშე, ჩაწეროს კომენტარები და შეძლოს ადგილიდანვე მისი გავრცელება.  მისასალმებელია, თუკი მართლა ფიქრობს ადგილობრივი ხელისუფლება ჟურნალისტებს არ ესაუბროს სიტყვიერი, თუ ფიზიკური ე.წ. „გამოხტომებით" და შექმნას ჩვენთვის ჯანსაღი პარტნიორობის პრეცედენტი და  არ დახუროს საინფორმაციო წყარო, თუნდაც სამთავრობო შენობა და რესპონდენტები“, - ამბობს  გაზეთ „ალიას “ ქუთაისის  კორესპონდენტი ნანა თვალაბეიშვილი.

თუ როდის ამუშავდება  მედიაცენტრი მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, ამდროისთვის უცნობია. "კვირის ბოლომდე ჩამოვყალიბდებით კონკრეტულ საკითხებზე“, – აღნიშნავს ზეინაბ  ხაჩიძე.   

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა