კოალიციის წევრი საგამოცდო ცენტრიდან გაათავისუფლეს
,,რესპუბლიკური პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციიის თავმჯდომარე,
ნატო ქათამაძე, ეროვნულ საგამოცდო ცენტრში კურატორის პოზიციიდან გაათავისუფლეს. ,,ქართული
ოცნების“ წევრი მიიჩნევს, რომ მიღებული გადაწყვეტილება, მის პოლიტიკურ საქმიანობას
უკავშირდება.
,,ეროვნული გამოცდების დაწყების დღიდან, მე ქუთაისის
ეროვნულ ცენტრში ვარ. საქმიანობის მხრივ, არანაირი პრობლემა არ შემქმნია. მანამდეც
ვიყავი ოპოზიციაში და აქტიურ საქმიანობას ვეწეოდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი
გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე, ხელისუფლებამ კონტროლი დაკარგა. უკვე დაიწყო სხვა თამაშის
წესებით თამაში. პოლიტიკური ნიშნით მე დღეს გამათავისუფლეს, საგამოცდო ცენტრში ტესტირებაზე
აღარ დამიშვეს, მიზეზი ვერ ახსნეს ვერც თბილისში, ვერც ქუთაისში. მე არ გამკვირვებია,
რადგან აქტიურ პოლიტიკაში ვარ და ჩემი დასჯაც მოუნდათ სამაგალითოდ“- - აღნიშნა ნატო ქათამაძემ.
ქუთაისის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორი აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტში, ზეინაბ ხაჩიძე, ნატო ქათამაძის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას
გამორიცხავს და მიღებულ გადაწყვეტილებას როტაციის პრინციპით ხსნის.
„როტაცია წელს, ისევე როგორც ყოველთვის, არის საგამოცდო
ცენტრის ტრადიცია. ძალიან ბევრია ისეთი შემთხვევა, როცა წელს არ მუშაობდა კურატორი
და მომდევნო წელს მუშაობს. წელსაც მოხდა როტაციის ფაქტი კურატორებს შორის, ეს შეეხო
5 კურატორს. ნატო ქათამაძე ასევე, როტაციის
წესით მოხდა კურატორის პოზოციაზე რამდენიმე წლის წინ,“ - ამბობს ზეინაბ ხაჩიძე.
კურატორის პოზიციიდან, ნატო ქათამაძესთან ერთად, კიდევ
ოთხი ადამიანი გათავისუფლდა. მათ შორის არიან საჯარო მოხელეებიც.
,,ქართული ოცნების“ წევრის განცხადებით, საკუთარი უფლების
დასაცავად საერთაშორისო ორგანიზაციებსა და
დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე