|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩაერთე შენი ქალაქის მართვაში"

„ჩაერთე შენი ქალაქის მართვაში“ – ასე ჰქვია პროექტს, რომლის პრეზენტაციაც ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს გაიმართა. პროექტს „ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“ იმერეთის წარმომადგენლობა ახორციელებს, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქუთაისის მოსახლეობის სამოქალაქო აქტივობის ზრდას, მათ ინფორმირებას თვითმმართველობის ფუნქციებისა და ადგილობრივი ბიუჯეტის შესახებ, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ამაღლება სამოქალაქო  მონიტორინგის გზით.

„პროექტის ფარგლებში არაერთი ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი, რომელთა თანმიმდევრული განხორციელება მნიშვნელოვნად გაზრდის მოქალაქეთა აქტიურობის დონეს და ასევე, გაზრდის ადგილობრივი თვითმმართველობის გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხს. პროექტის ფარგლებში, მოსახლეობის მეტი ინფორმირების მიზნით, მოეწყობა თოქ – შოუები, დარიგდება ფლაერები, რომლის საშუალებითაც  სისტემატიურად მიეწოდება მოსახლეობას ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია. ასევე, მათ შეეძლებათ ჩაერთონ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათ შორის იმ ძირითადი ადგილობრივი დოკუმენტის მიღებაში, როგორიც არის ბიუჯეტი,“  – აღნიშნა პაატა კლდიაშვილმა.

პრეზენტაციას არასამთავრობი სექტორისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორის, ნოდარ ჯიქიას თქმით, საზოგადოება ნაკლებად ჩართულია საკითხების გადაწყვეტაში და პროექტი მათ გააქტიურებას ხელს შეუწყობს.

„რამდენადაც აქტიურად ჩაერთვება საზოგადოება ამ პროცესებში, იმის მიხედვით იქნება შესაძლებელი პროექტის ეფექტურობის განსაზღვრა. თუკი, ადგილობრივი ხელისუფლება არ იმოქმედებს, მაშინ სამოქალაქო საზოგადოება აამოქმედებს მას როგორც საჭიროა. ბოლო პერიოდში ქალაქის მასშტაბით ნაკლებადაა საზოგადოება ჩართული ამ პროცესებში. მერიიდან ჭირს უკვე ინფორმაციების მოწოდება. ამ პროექტში ჩართულმა ბენეფიციარებმა უნდა იაქტიურონ რაც შეიძლება მეტად და არ უნდა მისცენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს მოსვენების საშუალება,“  – აღნიშნა ნოდარ ჯიქიამ.

პროექტი –  „ჩაერთე შენი ქალაქის მართვაში“  ერთწლიანია,  რომელიც ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს “დემოკრატიული მმართველობა საქართველოში” (G3) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორი ორგანიზაციაა გაზეთი „ახალი გაზეთი“.

ავტორი: ხათუნა მაისურაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა