ქუთაისის პარლამენტის აპარატში მოსახვედრად 720 განაცხადი შევიდა
ქუთაისის ახალი
პარლამენტისთვის კადრების მომზადება დაიწყო. გასაუბრების პირველ ეტაპს, რომელიც ქუთაისის
კონტროლის პალატაში ჩატარდა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, დღეს, პირადად
დაესწრო.
„ქუთაისის გადაქცევას
საპარლამენტო ქალაქად, სხვა სიკეთესთან ერთად, მოაქვს ის, რომ ქალაქში ჩნდება დამატებთი
სამუშაო ადგილები, როგორც ქუთაისლებისთვის,
ასევე იმერეთის მაცხოვრებლებისთვის. ადრე პრობლემა იყო, ადგილზე სამსახურის შოვნა და ქუთაისის გადაქცევა პოლიტიკურ ქალაქად, ემსახურება
სწორედ იმას, რომ ადგილზე გაჩნდეს დასაქმების შესაძლებლობა,“ – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
შესარჩევ კონკურსში
განაცხადი 720 მსურველმა შეიტანა, მონაწილეები მთელი საქართველოს მასშტაბით არიან. განაცხადების მიღება 8 ივნისამდე იყო
შესაძლებელი. ვაკანსიები პარლამენტის აპარატში ყველა დეპარტამენტში გამოცხადდა.
„განცხადება მქონდა
შეტანილი საპროცედურო საკითხების კომიტეტის აპარატში. მიუხედავად იმისა, რომ თავდაჯერებული
ვიყავი, მაინც ემოცია წამოვიდა. შეკითხვები იყო ამ კომიტეტთან დაკავშირებით. ძალიან
რთული არ იყო და მაქვს ჩემი თავის იმედი“ – ამბობს ერთ–ერთი კონკურსანტი ეკატერინე
ჩიხლაძე.
რამდენ ადამიანს
შეარჩევენ კონკურსის შედეგად, პარლამენტის აპარატში აცხადებენ, რომ ეს ზუსტად განსაზღვრული
არ არის. აპარატის წარმომადგენელთა თქმით, რაოდენობა შეზღუდული არ არის და შეირჩევა იმდენი
კადრი, რამდენიც კარგ შედეგს აჩვენებს.
გასაუბრებისას შერჩეული
აპლიკანტები, მთელი ივლისის განმავლობაში მოსამზადებელ კურსებს გაივლიან. პარლამენტის
ქუთაისში გადმოსვლიდან 6 თვის მანძილზე კი, მათ სტაჟირების სრული კურსი უნდა ჩაუტარდეთ.
„საქართველო პარლამენტმა
გამოაცხადა შესარჩევი კონკურსი სტაჟირების მსურველთათვის. დღეს, დაიწყო სწორედ ამ მსურველების
გამოცდა. 700 – ზე მეტი განაცხადი არის შემოსული, რაც ბევრად მეტია, ვიდრე წინა წლებში.
გვაქვს ერთკვირიანი გრაფიკი. ამ გრაფიკის მიხედვით, გაივლიან მსურველები სტაჟირებას.
ისინი ვინც წარმატებით გაივლიან გასაუბრებას, 6 თვის განმავლობაში მოუწევთ სტაჟირების
სრული კურსის გავლა. მათ ვინც წარმატებით გაივლიან სტაჟირებას, მთელი ივლისის განმავლობაში,
ჩავუტარებთ ჩვენ სასწავლო პროგრამას. სექტემბრიდან უკვე სრულფასოვანი სტაჟირების კურსი
ექნებათ გასავლელი,“ – აღნიშნა პარლამენტის აპარატის უფროსმა დავით ჯანიაშვილმა.
ქუთაისის პარლამენტში
მუშაობის მსურველთათვის გასაუბრება დღეს დაიწყო და 22 ივნისს დასრულდება.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე