|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სოფელია თუ ქალაქი?!" [Video]

ქუთაისში, ე.წ. ,,პლაშადკაზე“, ხაბეიშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა 40 წელია ანტისანიტარიულ პირობებში ცხოვრობს. ანტისანიტარიას აღნიშნულ ტერიტორიაზე საკანალიზაციო სისტემის  არ არსებობა ქმნის.

,,პლაშადკაზე“ მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობას ეზოებში დღემდე ხის საპირფარეშოები  უდგას. ამ ტიპის საპირფარეშოები კი ყოველგვარი გაყვანილობის გარეშე, მოსახლეობის მიერ გათხრილ  ღრმა ორმოებზეა მოწყობილი.

ხაბეიშვილის N62–ში მცხოვრები მერი აბრამალაძე 16 წელია, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე გადმოსახლდა. როგორც ირკვევა, მისთვის წინასწარ უცნობი იყო დასახლებაში არსებული საკანალიზაციო პრობლემა. მერი აბრამალაძეს ეზოში მძიმე სუნი ტრიალებს. ასევე მომრავლებულია მწერებიც.

,,აქ არსებული ანტისანიტარიის გამო, პირდაპირი მნიშვნელობით მატლები გვესევა ცოცხალ ადამიანებს. ამ მდგომარეობის ატანა უკვე შეუძლებელია. რამდენჯერმე სახლის გაყიდვაც დავაპირე, თუმცა ჩემსავით არავინ არ მოიტყუებს თავს. ვის უნდა სახლი უბანში, სადაც საკანალიზაციო სისტემა არ არსებობს,“– ამბობს მერი აბრამალაძე.

მოსახლეობის განმარტებით, დასახმარებლად მათ არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ თვითმმართველობასა და საკრებულოს, თუმცა უშედეგოდ. მათი თქმით, მერიიდან მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში ინტერესდებიან მოსახლეობის პრობლმებით და ისიც მხოლოდ მოკითხვის დონეზე.

ხაბეიშვილის ქუჩაზე, საკანალიზაციო სისტემის უქონლობის გამო, ფეკალური მასებით სავსე წყალი პირდაპირ ქუჩაში მიედინება. არსებულ პირობებში კი როგორც მოსახლეობა ამბობს, არამხოლოდ გადადაგილება, არამედ სუნთქვაც კი  შეუძლებელია. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა მათთვის ზაფხულის ცხელ დღეებშია.

როგორც ირკვევა, ხაბეიშვილის ქუჩაზე გადმოდენილნმა  დაბინძურებულმა  წყალმა გზაც დააზიანა. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები განმარტავენ, მათ გზის მაგივრად ქვებზე უწევთ სიარული. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩამოდენილმა წყალმა სავალ ნაწილზე მიწის ქვემოთ გამავალ ცენტრალური გაზის მაგისტრალს ასფალტი გადააცალა. ღიად დარჩენილ გაზის მაგისტრალზე დღის მანძილზე მოძრავი მანქანები საფრთხეს უქმნის მოსახლეობის უსაფრთხოებას.  ,,ყოველდღე, ამ გაზის მაგისტრალზე ათობით მანქანას უწევს გადავლა. ეს რომ გასკდეს, მთელი უბანი აფეთქდება, ასე გამოდის, რომ ბომბზე ვზივართ“, – ამბობს ხაბეიშვილის ქუჩაზე მცხოვრები ლიანა უღრელიძე.

"ამ გზას ვინც პირველად ხედავს, გაკვირებული ამბობს, ეს ქალაქია თუ სოფელიო. ამის გარკვევა მგონი უკვე ჩვენც გვიჭირს“,– ამბობს თამარ დვალიშვილი.

საკანალიზაციო პრობლემები ხაბეიშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის მსგავსად,  ქუთაისის სხვა ბევრი უბნის  მაცხოვრებლებსაც აწუხებთ. პრობლემის გადაწყვეტა ამ ეტაპზე მოსახლეობის მიერ მილების სანიაღვრე სისტემაზე მიერთებაა. ან სულაც, ისევ ხის საპირფარეშოებით სარგებლობა. რომელსაც, როგორც ზემოთაღნიშნული შემთხვევიდან ირკვევა, სხვა ბევრი პრობლემაც შესაძლოა მოჰყვეს.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ინფორმაციით, ქუთაისში წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო პრობლემების მოსაგვარებლად ახალი ქსელის მშენებლობა დაიწყეს. ქუთაისის 48 ქუჩაზე წყალმომარაგების, ხოლო 13 ქუჩაზე კი საკანალიზაციო პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდება. ეს ქუჩებია: ხარებავას #42, ავტომშენებლის I შეს #8, ერისთავის #15, ნინოშვილის III შესახვევი, რესპუბლიკის ქუჩა, ქუთათელის ქუჩა, მგალობლიშვილის ქუჩა, თაბუკაშვილის ქუჩა, ზ. გამსახურდიას #21, ამაშუკელის ქუჩა, გვანცელაძის II ჩიხი, კიევის ქუჩა და სულხან-საბას #47.

"ადგილობრივ თვითმართველობასთან ერთად, შესწავლილი იქნა ყველა ის ქუჩა, სადაც წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელები, სიძველიდან გამომდინარე მწყობრიდან იყო გამოსული და ადგილი ჰქონდა სუფთა და ფეკალური მასების ქცევებს. რის შემდეგაც განხორციელდა ლოკალური სარემონტო სამუშაოები და არა რეაბილიტაცია“, – ამბობს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ქეთი კიკვიძე. მისივე თქმით, ეს პროცესი კომპანიის სერვის ცენტრის ყოველდღიური საქმიანობაა და არა რაიმე კონკრეტული პროექტი, რომელსაც კონკრეტული, საკონკურსო, ხარჯთაღრიცხვა ექნება.

ქალაქის იმ უბნებში კი, სადაც წყალანირებისა ქსელი და საკანალიზაციო სისტემები საერთოდ არ არსებობს, პრობლემა ისევ მოუგვარებელი რჩება. ქუთაისის გაერთიანებული წყალმომარაგების პრესსამსახურის ხელმძღვანელის ქეთი კიკვიძეს თქმით: ,,რაც შეეხება ხაბეიშვილის ქუჩას, სამწუხაროდ, მსგავს სიტუაციაში უწევს ცხოვრება ქუთაისის მოსახლეობის 20% -ს.“ მისივე თქმით, 2012 წლის შემოდგომაზე აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით დაიწყება ახალი პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც ქუთაისში რეაბილიტაციის გარეშე დარჩენილი ქუჩების წყალმომარგების სიტემის გაახლებას დაიწყებს. მეორე ეტაპზე კი  ქალაქის წყალარინების სიტემის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება, რის შემდეგაც ქუთაისში წყალარინების სიტემის არმქონე ქუჩები აღარ იარსებებს.

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა