მაღალხარისხოვანი ჟურნალისტიკა ეთიკის ჩარჩოში
იმერეთსა და ქუთაისში ეთიკური ჟურნალისტიკის კუთხით
არსებული პრობლემები და მოქალაქეების დარწმუნება მაღალხარისხოვანი ჟურნალისტიკის აუცილებლობაში
- ასეთია ის საკითხები, რომლებზეც ქუთაისში, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრებმა
იმსჯელეს. ქარტიის გასვლით სხდომას ქუთაისში ჟურნალისტებთან ერთად, საზოგადოების სხვა
წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
როგორც ქარტიის წარმომადგენლებმა შეხვედრისას განაცხადეს,
მათ მიზანს ქარტიის, როგორც თვითრეგულირების მექანიზმის პოპულარიზაცია და მოქალაქეებისათვის მის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
წარმოადგენს. ქარტიის წარმომადგენლები მოქალაქეების ინფორმირებას იმ კუთხით თვლიან
მნიშვნელოვნად, რომ რომელიმე მედიასაშუალებაში
არაზუსტი ინფორმაციის გამოქვეყნების შემთხვვევაში, მოქალაქემ ორგანოს განცხადებით მიმართოს. ამით დაიცვას თავისი
უფლება, რასაც საზოგადოებისათვის ჯანსაღი ინფორმაციის
მიწოდება ჰქვია.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წარმომადგენელთა
თქმით, მედიასექტორის მხრიდან ეთიკის ნორმების დაცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება,
განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ქვეყნას
წინ 3-წლიანი საარჩევნო პერიოდი აქვს.
„ადამიანებმა ზუსტად უნდა იცოდნენ რა ხდება მათ ქვეყანაში,
რომ შემდეგ სწორი არჩევანი გააკეთონ,“ - ამბობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს
ერთ–ერთი წევრი მაია მეცხვარიშვილი.
ქარტიის საბჭოს ძირითად საქმიანობას იმ განცხადებების განხილვა წარმოადგენს, რომელიც
ქარტიის 11 პრინციპის და ზოგადად ეთიკის ნორმების დარღვევას უკავშირდება. როგორც ორგანოს წარმომადგენლები აღნიშნავენ,
მათთან შესული განცხადებების დიდი წილი ისევ ჟურნალისტებზე მოდის. ამავდროულად, ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ზვიად ქორიძე აღნიშნავს,
რომ მათ მიზანს არა რეპრესიული მექანიზმების ამოქმედება, არამედ საკითხზე ერთად მსჯელობა
წარმოადგებს. იმისთვის, რომ მომავალში პრობლემამ კვლავ არ იჩინოს თავი.
შეხვედრაზე შეკრებილი ჟურნალისტები და მოქალაქეები იმ
ფაქტზე თანხმდებიან, რომ ეთიკის ნორმების დარღვევის საკითხი პრობლემად რჩება. მის წინააღმდეგ
კი ჟურნალისტების მხრიდან დარღვევის აღიარება და შემდგომ გადაცდომაზე უარის თქმა, ხოლო მოქალაქეების მხრიდან
მსგავსი ფაქტების ქარტიის საბჭოსთვის შეტყობინება წარმოადგენს.
„თითოეულ ჩვენგანს პროფესიული ზრდის პროცესში ეთიკის
ნორმების დარღვვევის შემთხვევა გვქონია. ყველამ ვიცით, რომ წითელზე მანქანით თუ გავივლით,
ეს ჩვენს სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, მაგრამ თუ იქ საპატრულო პოლიციას ან ვიდეოთვალს
არ ვხედავთ, მაინცმივდივართ. ამიტომ, მედიაშიც რაღაც მექანიზმი უნდა არსებობდეს, რომელიც
მსგავს ფაქტებს გამოააშკარავებს და ამავდროულად, ქარტიის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს,“
- ამბობს ჟურნალისტი ხატია ბაბუნაშვილი.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 2009 წლის დეკემბერში
შეიქმნა. ბოლო მონაცემებით, ქარტიაზე ხელმომწერთა რიცხვი 213-ს შეადგენს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე