პოლიტიკით ნაკარნახევი ტერორი ქუთაისის საჯარო სკოლებში
ქუთაისის საჯარო სკოლებში მოსწავლეთა და მასწავლებელთა კონტროლის მექანიზმები ამოქმედდა. №17-ე, №21-ე, №24-ე, №32-ე და №მე-40 ქუთაისის ის საჯარო სკოლებია, სადაც დაწესებული კონტროლის შესახებ მოსწავლეთა პირადი საუბრებიდან ირკვევა.
მათი თქმით, სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეთა გაკონტროლებას არა მხოლოდ საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას, არამედ დასვენების პერიოდშიც ცდილობს.
როგორც ირკვევა, მოსწავლეებზე კონტროლის დაწესება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება. მოსწავლეთა პირად საუბრებზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ სკოლის ადმინისტრაცია მათი თავისუფალი დროის ათვისების საკითხით ინტერესდება. კონტროლის მექანიზმები მოსწავლეთა გარდა მასწავებლებზეც ვრცელდება. მოსწავლები აქვე იმასაც აღნიშნავენ, რომ დავალება სკოლების ადმინისტრაციების სურვილით არ ხორციელდება და მათ აღნიშნული ბრძანება „ზემოდან" მოსდით.
„მოსწავლეებზე კონტროლი განსაკუთრებით მაშინ იყო შესამჩნევი, როდესაც ქუთაისში ოპოზიციური პარტიის აქცია იგეგმებოდა. სკოლის დირექტორი გვაფ-რთხილებდა, რომ აქციის დღეს არც ჩვენ გავსულიყავით გარეთ და ჩვენი კლასელებიც გაგვეფრთხილებინა. ერთ დღეს, როდესაც დასვენება იყო, სასწრაფოდ სკოლაში გამოგვიძახეს, მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული არაფერი ყოფილა. ზოგადად, მოსწავლების მისამართით დაწესებული კონტროლი სკოლებში ადვილი შესამჩნევია. სამწუხაროდ, მსგავსს შეზღუდვებს დირექტორების სახელით „ზემოდან" აწესებენ," - ამბობენ მოსწავლეები.
სკოლებში მოსწავლეთა და მასწავლებელთა მისამართით დაწესებულ აკრძალვებზე დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სასჯელიც ცნობილია. მასწავლებლები სკოლასა და სამუშაო ადგილს ემშვიდობებიან, ხოლო მოსწავლეებს ადმინისტრაცია იმ პროექტების შეჩერებით ემუქრება, რომელსაც ისინი ამ უკანასკნელთა მხარდაჭერით ახორციელებენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლებში ამოქმედებული კონტროლის მექანიზმის შესახებ სკოლის მოსწავლეები სოციალურ სივრცეში თავიანთ ბლოგებსა და ჩანაწერებში საუბრობენ.
ერთ-ერთი მოსწავლე, რომელიც აღნიშნულ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას, იქვე აღნიშნავს, რომ მოსწავლეთა მისამართით გამოჩენილი ტერორი ქალაქის ყველა სკოლის საერთო პრობლემაა. აღნიშნული ბლოგი გამოქვეყნებიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ ავტორმა წაშალა, რადგან როგორც ირკვევა, მას პრობლემები შეექმნა.
მოსწავლეთა და მასწავლებელთა მისამართით ამოქმედებულ კონტოლის მექანიზმებთან დაკავშირებული ინფორმაციის გადამოწმებას „ახალი გაზეთი" სკოლის დირექტორებთან შეეცადა. როგორც მოსალოდნელი აღმოჩნდა, დირექტორებმა საკითხთან დაკავშირებით საუბარი არ ისურვეს და უარი სხვადასხვა არგუმენტით გაამყარეს. მაგალითად, №21-ე საჯარო სკოლის დირექტორმა რუსუდან ჭეიშვილმა კომენტარზე უარის თქმის მიზეზად მოუცლელობა დაასახელა. ასეთივე პასუხი მივიღეთ №32-ე საჯარო სკოლის დირექტორის ნათია ნამიჭეიშვილისაგან, რომელმაც თავად პირველად საუბარი არ ისურვა, შემდეგ კი მიზეზად აუცილებელი საქმის არსებობა დაასახელა. დუმილით გვიპასუხა №24-ე საჯარო სკოლის დირექტორმა სოფიო ხარშილაძემ. კომენტარზე უარის თქმა შეხვედრით „გაამართლა" №17-ე საჯარო სკოლის დირექტორმა ირინე ჯგერენაიამ, ხოლო № მე-40 სკოლის დირექტორმა დემურ გაგუამ სკოლებში მოსწავლეთა დაშინების მცდელობა კატეგორიულად უარყო.
„მე არ მსმენია ასეთი რამ, სისულელეა," - ამბობს გაგუა.
სკოლებში არსებულ დაშინების პრაქტიკასთან დაკავშირებით კომენტარის მოპოვება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან ვცადეთ, თუმცა უშედეგოდ. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო პოდჟერსკაია ჟურნალისტებს ამჯერადაც არ „სწყალობს".
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე