აღმოჩენა ჭიათურაში, რომელმაც კაცობრიობის ისტორია შეცვალა
ჭიათურაში, ძოძუანას მღვიმეში აღმოჩენილი ზედაპალეოლითური
ხანის ველური სელის დართვის პირველი ნიმუში, იმ ათ ყველაზე დიდ აღმოჩენას შორის შევიდა,
რომლებმაც კაცობრიობის ისტორია შეცვალეს.
,,ახლახანს შეგვატყობინეს, რომ ამერიკელმა მკვლევარებმა
და მეცნიერებმა დაასახელეს 10 ისეთი არქეოლოგიური ღირებულება, რომლებმაც კაცობრიობის
ისტორიაში შეიტანეს ღირებული ცვლილება. აქ შესულია პირველი იარაღი, როცა დამზადაა,
როცა გაკეთდა პირველი სამკაული და აქვეა ძოძუანას აღმოჩენა, როდესაც პირველად დაირთო
ველური სელისგან ძაფი“ – აღნიშნა არქეოლოგმა თენგიზ მეშველიანმა, რომელიც ძოძუანას
გამოქვაბულის ექსპედიციას ხელმძღვანელობდა.
სელის დართვის პირველი ნიმუში ძოძუანას მღვიმეში ექსპედიციამ
2009 წელს აღმოაჩინა. პალეონტოლოგმა ელისო ლაბაძემ ახალ ტექნოლოგიას მიაგნო და მძლავრი
მიკროსკოპით დართული ძაფის ბოჭკოს უმცირესი ნაწილაკები დაინახა. აღმოჩენებში სელის
გარდა, შალის ბეწვიც არის დაგრეხილი. შალის ბოჭკო ტექნოლოგიურად არის დაჭეჭყილი, შემდეგ
დაძეძგილი და მოქსოვილი.
კვლევამ უნიკალური მონაცემები დაადასტურა.
დღემდე ითვლებოდა, რომ ყველაზე ძველი ძაფი, რომელიც
ჭინჭრისგან იყო დამზადებული, აღმოჩენილი იყო ჩეხეთში (დოლნივესტონიცაში), რომელიც ძვ.
წ. 29 000 წლით თარიღდება. ძოძუანას მღვიმეში აღმოჩენილი ძაფის ბოჭკოები კი,
32 000 წლის წინანდელია. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პრეისტორიული ხანის უძველესი
სელის ძაფი.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე