ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად, სპეციალური დეპარტამენტი იქმნება
ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად, იუსტიციის სამინისტროში სპეციალური დეპარტამენტი იქმნება.
როგორც "ინეტრპრესნიუსის" კორესპონდენტი ბრიუსელიდან იუწყება, ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს დელეგაციის წევრმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულიკიანმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, ახალი დეპარტამენტი სწორედ ევროპულ კანონებთან საქართველოს კანონების დაახლოებაზე იმუშავებს.
"მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო ყველა მოქალაქეს. ჩვენ ამ ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ ყველამ ერთად - ქართველებმა, აფხაზებმა, ოსემბა, ყველამ, ვინც ვართ საქართველოს შვილები. მთავარია, ჩვენ ახლა მოვინდომოთ და სარგებელი, რასაც ასოცირების შესახებ შეთანხმება გულისხმობს, დროულად მივიღოთ. ეს არის პირველ რიგში თავისუფლება, ევროპელ დონეზე ჩვენი დამოუკიდებლობის განმტკიცება. დღევანდელი დღე დასტურია სწორედ იმის, რომ ქართველი ხალხი არ იღლება საკუთარი დამოუკიდებლობის მშენებლობის საქმეში",-აღნიშნა წულუკიანმა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრიეს თქმით, ეს ხელშეკრულება გულისხმობს ინდივიდის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, საქართველოს უსაფრთხოებას, ეკონომიკურ სიძლიერეს.
"მომავალში ამან უნდა მოიტანოს სოციალური კეთილდღეობა და ადამიანის უფლებების საბოლოო დაცვა ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ის ღირებულება, რომლის გარშემოც ერთიანდებიან ევროკავშირის წევრები და, რომელიც ჩვენც დღეს ხელმოწერით დავადასტურეთ. ბევრი კანონი იქნება გასაუმჯობესებელი და დასაახლოებელი ევროპულ სტანდარტებთან, მათ შორის - სასამართლო სისტემაში.
ამისთვის იუსტიციის სამინისტროში ვქმნით სპეციალურ, ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტს, რომელიც იმუშავებს ევროკავშირში გაწევრიანებამდე ჩვენი კანონების ევროპასთან დაახლოების საკითხზე", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამასთან, იუსტიციის მინისტრი რუსეთში გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა - ევროპული არჩევანი არ გულისხმობს, რომ ჩვენ ან ევროპა ამ ხელმოწერით ვინმეს ვუპირისპირდებით. "არავითარ შემთხვევაში. ჩვენ იმ პოლიტიკას, რაც გულისხმობს მეზობლებთან მეგობრობას, ჩრდილოელ მეზობელთან კი ნორმალიზების პროცესს, გავაგრძელებთ", - აღნიშნა წულუკიანმა.
ავტორი: ნიუპრესი