|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერი და საკრებულოს წევრები უფლებამოსილებას 14 ივლისიდან შეუდგებიან

ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში საკრებულოს ახლადარჩეულ დეპუტატებს დროებითი მოწმობები გადაეცათ.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განმარტებით, საკრებულოს წევრებს დეპუტატის მანდატებს საკრებულოს აპარატი გადასცემს. მისივე განცხადებით, ქუთაისის საკრებულოს პირველი სხდომა 14 ივლისს გაიმართება.
დროებითი მოწმობების გადაცემის ცერემონიალს, ქალბატონი დეპუტატების გარდა, საკრებულოს უმრავლესობა დაესწრო.
"ამაყები ვართ, რომ გავხდით ქუთაისის საკრებულოს წევრები. არ ვაპირებთ ვიყოთ რადიკალური ოპოზიცია. ყველა სასიკეთო წამოწყებაში ხელისუფლებას მხარს დავუჭერთ, მაგრამ ამავე დროს ვიქნებით კრიტიკულები და კონსტრუქციულები," – განაცხადა საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, დავით გოგისვანიძემ.
კანონის თანახმად, დროებითი მოწმობა ქუთაისის არჩეულ მერს, შოთა მურღულიასაც გადაეცა. მურღულიას განცხადებით, კანონმდებლობით მერის უფლებამოსილების შესრულებას ის 14 ივლისიდან შეძლებს.

ავტორი: დეა მანაგაძე