ქუთაისელმა ჟურნალისტებმა მერიის შეზღუდვებს აქციით უპასუხეს
„თავისუფალი მედია შეზღუდვების წინააღმდეგ,“ – ამ სლოგანით
ქუთაისში მომუშავე ჟურნალისტებმა ქალაქის მერიის წინ მშვიდობიანი აქცია გამართეს. აქციით
მათ ის შეზღუდვები გააპროტესტეს, რომელიც მიმდინარე კვირაში ადგილობრივმა თვითმმართველობამ
ჟურნალისტების მისამართით აამოქმედა.
„დღევანდელი აქციით ჟურნალისტები იმ ხელოვნურ ბარიერებს ვაპროტესტებთ,
რომელიც ქაალქის მერიამ ჩვენს წინააღმდეგ შემოიღო. აღნიშნული შეზღუდვების წყალობით ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა მერიაში შესვლა და
რესპონდენტების ჩაწერა. საშვების აღებას იმ კაბინეტიდან გვთხოვენ, რომელიც საათობით
ჩაკეტილია. ვფიქრობ, დღევანდელი დღით მათ სერიოზული
მესიჯი მიიღეს იმის შესახებ, რომ უკანონო შეზღუდვებს არ შევეგუებით. ვიქნებით ძლიერები
და სოლიდარულები,“ – ამბობს რეგიონულ გაზეთ „P.S“–ის
ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე.
ჟურნალისტების მისამართით ამოქმედებული შეზღუდვების
შესახებ მათთვის „ცნობილი“, მიმდინარე კვირის ოთხშაბათს, ქალაქის საკრებულოს რიგგარეშე
სხდომის დაწყებამდე გახდა. სხდომაზე დასასწრებად
მისული ჟურნალისტები შენობაში, ყოველგვარი წინასწარი გაფრთიხლების გარეშე, არ დაუშვეს.
მაშინ ქალაქის მერიასა და საკრებულოში შენობაში ჟურნალისტების გადაადგილების კუთხით
არსებულ შეზღუდვებს უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ მედიას მუშაობაში ხელი არ შეეშლებოდა.
თუმცა მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ჟურნალისტების გადაადგილებისა და მუშაობის საკითხი
ამ დრომდე გაურკვეველ ირჩება.
როგორც ირკვევა, ერთიან პოზიციაზე, თუ რა ფორმით „შეიფუთება“
ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეძღუდვა, მერიაში
ჩამოყალიბებულნი არ არიან.
მიუხედავად იმისა, რომ newpress-მა ჟურნალისტებისთვის
დაწესებული შეზღუდვის შესახებ არსებული ბრძანება ან სხვა რაიმე წესი ოფიციალურად ორი
დღის წინ მოითხოვა, დღემდე პასუხი არ მიგვიღია.
მერიის პრესსამსახურში არც კომენტარს აკეთებენ.
ჟურნალისტების მშვიდობიან აქციას „საქართველოს ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაციაში“ არსებული ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ადვოკატებიც
შეუერთდნენ. იურისტ გიორგი ჭიქაბერიძის განცხადებით,
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს
ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, საკრებულოს სხდომები საჯაროა და ჟურნალსიტებს არ
უნდა ექმნებოდეთ პრობლემა მასზე დასწრებისა და ინფორმაციის გამოტანა–გავრცელების კუთხით.
იურისტები ჟურნალისტებთან ერთად საკითხის სამართლებრივ შესწავლასა და სათანადო რეაგირებას
გეგმავენ.
აქციის ბოლოს ჟურნალისტებმა სლოგანები მერიის დაცვის
სამსახურს ჩააბარეს, ხოლო მერიაში ერთობლივი განცხადება შეიტანეს, რომლითაც შეზღუდვების
არსისა და საჭიროების საჯარო განმარტება მოითხოვეს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე, სოფო ბობოხიძე