|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქართული მართლმსაჯულების პრობლემები

ქართული მართლმსაჯულების ერთ–ერთ სერიოზულ პრობლემას დასაბუთებული გადაწყვეტილებების სიმცირე წარმოადგენს – ასეთ დასკვნას აკეთებს საიას ხელმძღვანელი თამარ ჩოგოშვილი, მათ მიერ განხორციელებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით.


ქართული მართლმსაჯულების პრობლემების კვლევას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“  თბილისის საქალაქო სასამართლოში 6 თვის განმავლობაში ახორციელებდა.


მართლმსაჯულების პრობლემებთან დაკავშირებული კვლევის შედეგები საიას თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა ორგანიზაციის ქუთაისის ფილიალში მედია და სამოქალაქო სექტორს გააცნო. ჩუგოშვილის თქმით, საიას წარმომადგენლები მონიტორინგის პერიოდში 520 სასამართლო სხდომას დასწრნენ. მათი ანალიზის შედეგად კი შემდეგი სურათი გამოიკვეთა:  სასამართლო პროცესებზე  მოსამართლის მხრიდან ბრალდები მხარის მიმართ 100%–იანი ლოიალობა ფიქსირდება.


თამარ ჩუგოშვილის თქმით,  ბრალდების მხარისადმი მოსამართლის  დახმარება იმაშიც გამოიხატება, რომ  ხშირ შემთხვევაში ეს უკანასკნელი კარნახობს პროკურორს ბრალდებულის მისამართით გამიზნულ კითხვებს.  ან კიდევ მოსამართლე თავად სვამს კითხვებს და სხდომის მდივანს სთხოვს, აღნიშნული კითხვები სხდომის ოქმში არ შეიტანოს.  გარდა ამისა, როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, მოსამართლეები დაცვის მხარის შუამდგომლობას  არ აკმაყოფილებენ.  მაგრამ ხდება გამონაკლისი და ეს იმ შემთხვევაში ფიქსირდება, როდესაც შუამდგომლობას  ბრალდების მხარეც ეთანხმება.

„მონიტორინგმა აჩვენა ისიც, რომ ვერ განხორციელდა სავალდებულო დაცვის უფლება. ადგილი ჰქონდა თარჯიმნის უფლების დარღვევას. სასამართლო პროცესზე თარჯიმანი ან არ იყო მოწვეული, ან საუბრის მხოლოდ ნაწილს თარგმნიდა ან კიდევ ცალკეული სიტყვების მნიშვნელობას დარბაზში მყოფ პირებთან არკვევდა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 100%–ით კმაყოფილდება  ბრალდების მხრიდან მოთხოვნილი აღმკვეთი ღონისძიება. აღმკვეთი ღონისძიების სახით  ხშირად გამოიყენება გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით, რაც იმას ნიშნავს, რომ პირის მიერ თანხის გადაუხდელობა მის დაპატიმრებას იწვევს. აღმკვეთი ღონისძიების გავრცელებული სახეა პატიმრობა.  არ ხდება უფრო მსუბუქი ღონისძებების გამოყენება,“ – ამბობს თამარ ჩუგოშვილი.


როგორც საიას თავმჯდომარემ კვლევის პრეზენტაციისას აღნიშნა, ქართული მართლმსაჯულების ერთ–ერთ სერიოზულ პრობლემას დასაბუთებული გადაწყვეტილებების სიმცირე წარმოადგენს. თამარ  ჩუგოშვილის თქმით, პირისათვის  პატიმრობის შეფარდების შესახებ გამოტანილი 86 გადაწყვეტილებიდან, მხოლოდ 34% იყო დასაბუთებული.


საია პრობლემად მიიჩნევს  იმასაც, რომ ინდივიდუალური მოსამართლის როლი უკიდურესად შეზღუდულია. სამაგიეროდ, არსებობს მოსამართლეთა გარკვეული ჯგუფი, რომლებიც გადაწყვეტილების მიმღებ ყველა ორგანოში არიან წარმოდგენილი. ორგანიზაცია გამოსავალს მოსამართლეთა თვითმმართველობის გაძლიერებაში ხედავს. აქვე ისიც აღინიშნა, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხი გაცილებით დაბალია.


ერთადერთი დადებითი ტენდენცია, რაც ჩუგოშვილმა აღნიშნა, მიმდინარე წელს  სასამართლოში გამამართლებელი განაჩენების რაოდენობის ზრდაა, თუმცა რის ხარჯზე გაიზარდა, ორგანიზაციისთვის  უცნობია. ის რაც ცნობილია სტატისტიკური მონაცემია, რომლის მიხედვით, გასულ წელს სასამართლოს მიერ მიღებული 17 გამამართლებელი გადაწყვეტილება მიმდინარე წელს 80–მდე გაიზარდა.


ქართული მართლმსაჯულების პრობლემების კვლევას საია მიდინარე წლის შემოდგომიდან, ამჯერად ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გააგრძელებს.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე