|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხვალ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქცია გაიმართება

დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ასოციაციასთან “ქალები რეგიონების განვითარებისათვის” არსებულმა ქალთა კლუბის წევრებმა ბრიფინგი გამართეს და საქართველოში უკანასკნელ პერიოდში ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტების გამო შეშფოთება გამოთქვეს.

განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო დაგვარწმუნა, რომ ვერ ვუმკლავდებით ძალადობის პრობლემას, თუმცა შესაძლებელია აქტიური ნაბიჯების გადადგმა. წარმატება დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ხედავს საზოგადოება ოჯახში ძალადობის პრობლემას, რას მიიჩნევს მის მიზეზად და რა გზებით ვებრძვით მას. ქალთა კლუბი მხარს უჭერს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გატარებას, რაც არის მთავარი ასპექტი დემოკრატიის, მოდერნიზაციისა და ევროპიზაციის გზაზე. ქალთა კლუბის წევრებისათვის მიუღებელია ძალადობის გამამართლებელი შეფასებები, რამაც შესაძლოა წააქეზოს პოტენციური მოძალადე. ის, რაც ერთ ქალს, ერთ ოჯახს ეხება, გვეხება ყველას, რადგან მომავალი თაობისათვის კარგსაც და ცუდ საქციელსაც აქვს მაგალითის ძალა." - განაცხადეს ქალთა კლუბის წევრებმა. მათივე თქმით, კვირეულს "სოლიდარობა ქალებს!" ფარგლებში, ხვალ, 13 საათზე აქცია-მსვლელობა გაიმართება, რომელიც სტარტს აიღებს ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში და დასრულდება ქალთა ხეივანთან (რუსთაველის ხიდის მიმდებარე ტერიტორია).

ავტორი: ასმათ ყურაშვილი