|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სახალხო დამცველი ფარული მოსმენების შესახებ კანონის მიღების გადავადების წინააღმდეგია


სახალხო დამცველი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად,  მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ფარული მიყურადებისას ინფორმაციის მოპოვების კონტროლის მექანიზმის თაობაზე გადაწყვეტილების გადავადება.

ომბუდსმენის აზრით,  2014 წლის 1 აგვისტოდან დღემდე, საქართველოს პარლამენტს ჰქონდა საკმარისი დრო და რესურსი ცვლილებების შესამუშავებლად. საჭირო ცვლილებების შემუშავებაში პარლამენტს დახმარებას უწევდნენ ევროპის საბჭოს ექსპერტები და იურიდიულ კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომლის ფართო წარმომადგენლობას შეეძლო უზრუნველეყო საერთაშორისo სტანდარტებთან შესაბამისი რეგულაციების შემუშავება.

უჩა ნანუაშვილის აზრით,  საკითხის დარეგულირების 2015 წლის 1 აპრილამდე გადაწევით გრძელდება ის მანკიერი საკანონმდებლო პრაქტიკა, რომელიც მოწმეთა დაკითხვის წესის გადავადებით დაიწყო და საფუძვლად სახელმწიფო ინსტიტუტების უუნარობა უდევს.

საკითხის დარეგულირების გადავადებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ინარჩუნებს შეუზღუდავ წვდომას ინფორმაციასთან, რომელიც ადამიანის კერძო ცხოვრების სფეროს განეკუთვნება და როგორც უახლოესი წარსულის გამოცდილება გვიჩვენებს, ხშირ შემთხვევაში გამოიყენება არა დანაშაულთან ბრძოლის, არამედ ადამიანთა შანტაჟის იარაღად".-ნათქვამია ომბუდსნენის განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს, არ დაუშვას კანონპროექტის მოცემული სახით მიღება, გააქტიუროს სამუშაო ჯგუფის საქმიანობა და საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავებისას გაითვალისწინოს ის, რომ  ფარული მიყურადების ე.წ. "გასაღები" არ უნდა იყოს მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში.

 

პარლამენტი ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექის გადავადების საკითხს  დღეს უყრის კენჭს. პროექტის მიხედვით, ფარული მოსმენების დროს პერსონალურ მონაცემებზე წვდომის მექანიზმებთან დაკავშირებით ექვსი თვით გადავადდება საკანონმდებლო ნორმის პარლამენტში წარდგენის ვადა.

ავტორი: ნიუპრესი