|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მთავრობის ორწლიანი საქმიანობის ანგარიშს რეგიონული მედია გაეცნობა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, "ღია მმართველობის პარტნიორობის" პროექტის ფარგლებში, რეგიონული მედიის წარმომადგენლებს მთავრობის ორწლიანი საქმიანობის ანგარიშს გააცნობს. ამის შესახებ ინფორმაციას www.goverment.gov.ge აქვეყნებს.
შეხვედრა, მთავრობის ადმინისტრაციის ინციატივით, 3-4 ნოემბერს კაჭრეთში, სასტუმრო "ამბასადორში" იმართება და მას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ნინო კობახიძე, გაუძღვება.
რეგიონული მედიის 30-ზე მეტ წარმომადგენელს მთავრობის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო უწყებების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტების ხელმძღვანელები ასევე წარუდგენენ ხელისუფლების ხედვასა და გეგმებს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღია მმართველობის მიმართულებით. 
შეხვედრა UNDP-ის პროექტ "მმართველობის რეფორმის ფონდისა" და Sida-ს მხარდაჭერით იმართება. 
პროექტის ფარგლებში, მთავრობის ორწლიანი საქმიანობის ანგარიშს ასევე გაეცნობიან არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები. ინფორმაციის გავრცელებისა და გაცვლის მიზნით მოეწყობა დისკუსიები. 
წლის ბოლომდე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საკუთარი საქმიანობის გასაჯაროების მიზნით, რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდებიან.
ანგარიშვალდებულება და ღიაობა კვლავ მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება.

ავტორი: ასმათ ყურაშვილი