„სიმინდის კუნძულის“ საერთაშორისო წარმატება
"სიმინდის კუნძული" მონპელიეს და სან-მარინოს კინო-ფესტივალის ტრიუმფატორია. ფილმმა მონპელიეს კინოფესტივალზე ოთხი მთავარი ჯილდო დაიმსახურა: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო მუსიკა, კრიტიკის ჯილდო და ფესტივალის მთავარი პრიზი - "ოქროს ანტიგონე" - "L’Antigone d’Or".
სან-მარინოს კინო-ფესტივალზე მთავარი როლის შემსრულებელმა, მარიამ ბუთურიშვილმა საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში გაიმარჯვა, საუკეთესო რეჟისორის ჯილდო კი, გიორგი ოვაშვილმა დაიმსახურა.
ფსიქოლოგიური დრამა აფხაზი ბაბუისა და შვილიშვილის ისტორიას მოგვითხრობს. ფილმში მთავარ როლებს თურქი მსახიობი ილია სალმანი და მარიამი ასრულებენ, რომელიც რეჟისორმა სოციალური ქსელის საშუალებით აღმოაჩინა. მასზე შთაბეჭდილება მეგობრის მიერ, მოსკოვიდან გამოგზავნილმა უცნობი გოგონას ფოტომ მოახდინა. ოვაშვილი იმავე წამს მიხვდა, რომ მთავარი როლის შემსრულებელს მიაგნო, მაგრამ მარიამის პოვნა არც ისე ადვილი აღმოჩნდა. საჭირო გახდა პროცესში შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროების ჩართვა. ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა რეჟისორს ომის დროს ცხინვალთან ახლოს, ერთ-ერთ სოფელში გადაღებული სკოლის მოსწავლეების ფოტო გაუგზავნა. მოსწავლეებს შორის მარიამიც აღმოჩნდა.
ფილმისთვის მდინარე ენგურზე ხელოვნური კუნძული საგანგებოდ შექმნეს. ფილმის ოპერატორი 95 ფილმზე ნამუშევარი და "ემის" მფლობელი ელემერ რაგალია, კომპოზიტორი – იოსებ ბარდანაშვილი, სცენარის ავტორები კი – ნუგზარ შატაიძე, გიორგი ოვაშვილი და რულოფ იან მინებო.
„სიმინდის კუნძულის“ შექმნა 1,5 მილიონ ევრომდე დაჯდა. მისი სპონსორობა რამდენიმე სხვადასხვა ორგანიზაციამ საკუთარ თავზე აიღო, მათ შორის საქართველოს და აჭარის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროებმა, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა და ევრიმაჟმა.
"სიმინდის კუნძული" ოსკარის ნომინაციის შესარჩევ კონკურსზეა წარდგენილი.
მოამზადა ანა ჯიქიამ.
ავტორი: ნიუპრესი