|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა

ქუთაისის საკრებულოს სხდომა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე წარიმართა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი უკლებას განცხადებებს პროტესტი მოყვა. მწვავე პოლემიკის შემდეგ საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა  სხდომის დარბაზი დატოვეს. 

“ქუთაისს დედა ეტირა... ქუთაისი სოფელი ხდება. ძროხები თამამად დააბიჯებენ ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში. "სემეკი"-ს და მთავრობის სახლის შენობებთან ბალახმა გაიჯეჯილა. თუ  საქმე ასე გაგრძელდა,  ქუთაისის მოსახლეობა განახევრდება. ამ  ქალაქს უპერსპექტივობის გამო დატოვებენ."  - განაცხადა უკლებამ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ზაზა ლომინაძემ, გიორგი უკლებას  საპასუხოდ განაცხადა, რომ უმჯობესია, გიორგი უკლება უფრო ხშირად ესწრებოდეს საკრებულოს სხდომებს, ამით უკეთ გაიგებს, რა კეთდება ქალაქში. "ჩვენ  ვმუშაობთ ქალაქის განვითარებისთვის, პრობლემები არის ყველგან, არა მარტო ქუთაისში."-განაცხადა ლომინაძემ.

 რაც შეეხება გამოთავისუფლებულ "სემეკის"  შენობას, საკრებულოს  ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, თეიმურაზ ნადირაძის თქმით, იქ სოციალური  სამსახური გადავა: "მინდა ვუპასუხო ბატონ უკლებას და ვუთხრა, რომ "სემეკის" შენობაში მალე  ყველაფერი მოწესრიგდება. 15 ნოემბერს იქ  როგორც ქალაქის, ასევე რეგიონული სოციალური სამსახური გადავა." - განაცხადა ნადირაძემ. 

ავტორი: ასმათ ყურაშვილი