"ბავშვთა სოფლის" აღსაზრდელების მდგომარეობა აცრის შემდეგ გაუარესდა
Newpress.ge-ს ინფორმაციით, გრიპის საწინააღმდეგო აცრის გაკეთების შემდეგ ქუთაისში „ბავშვთა სოფლის“ აღსაზრდელები ჯანმრთელობის გაუარესის გამო საავადმყოფოში მოათავსეს.
როგორც ცნობილი გახდა, ბავშვები ჯერ ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში, ხოლო შემდეგ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ბავშვთა განყოფილებაში გადაიყავანეს.
დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის სამედიცინო ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელის ედიშერ ასათიანის თქმით, ბავშვთა განყოფილებაში 2 პაციენტი მოათავსეს. „ჩვენთან შემოვიდა გუშინ საღამოს „ბავშვთა სოფლიდან“ 9 წლის ასაკის მხოლოდ 2 ბავშვი, რომლებსაც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებიდან 1 საათში აღენიშნათ ტკივილები ინექციის გაკეთების ადგილას და მოძრაობის შეზღუდვა ქვედა კიდურებში, რადგან ეჭვი იყო მიტანილი ვაქცინის გაკეთებაზე, პაციენტები სტაციონარში მოთავსდნენ დაკვირვებისთვის. ამ დროისათვის მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლების მიერ მიმდინარეობს მონიტორინგი და გამოკვლევები, არის თუ არა ეს ყველაფერი ვაქცინაციით გამოწვეული“ - განუცხადა newpress.ge-ს ინტერვენციული მედიცინის ედიშერ ასათიანმა.
"ბავშვთა სოფლის" წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში ბავშვების ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა ოფიციალური კომენტარისათვის სოციალური მომსახურების სააგენტოსთან გადაგვამისამართა.
„ბავშვთა სოფელის“ აღსაზრდელების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოფიციალურ კომენტარს სოციალური მომსახურეობის სააგენტოდან ამ დრომდე ველოდებით.
ავტორი: ანა ჯიქია