ქუთაისში მცხოვრები 14 000 ოჯახი სასმელ წყალს 24-საათიან რეჟიმში მიიღებს
სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, ქუთაისის მერთან, შოთა მურღულიასთან ერთად გაეცნო. აღნიშნულ პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე 3 ახალი რეზერვუარისა და სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს. კლდიაშვილის რეზერვუართან სატუმბი სადგურის და ახალი 52-მეტრიანი მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელების მოწყობა ხორციელდება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მალე, 24-საათიანი წყალმომარაგებით მთელი საქართველოს მასშტაბით 300 000-ზე მეტი ადამიანი ისარგებლებს, ხოლო გაუმჯობესებული გრაფიკით წყალს 48 მუნიციპალიტეტში მცხოვრები 100 000-ზე მეტი ადამიანი მიიღებს.
პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 26 მილიონ ლარზე მეტია.
ავტორი: ნიუპრესი