უსახლკაროებისათვის თავშესაფრის მოწყობის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ
ზამთრის სეზონის მოახლოვებასთან ერთად აქუალური ხდება უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხი. ამ დროისათვის კარვები, რომლებიც ქუთაისში, კახიანაურის მუნიციპალიტეტში, "სპორტის სასახლის" უკან 2013 წლის დეკემბერში დაიდგა, აღარ არსებობს. ორი კარავი სოციალურად დაუცველი და მიუსაფარი მოსახლეობისთვის იყო განკუთვნილი.
ქუთაისის მერიის
ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის
უფროსმა, ზურაბ მარგველაშვილმა "Newpress.ge"-ს
განუმარტა, რომ კარვების აღების გადაწყვეტილება ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების მიერ იყო მიღებული; "ამ კარვებზე გადაწყვეტილება მიღებული იყო პრემიერ-მინისტრის მიერ. ისევ გადაწყვეტს თუ არა კარვების დადგმას, ეს უკვე არ ვიცი"-განაცხადა მარგველაშვილმა.
ყოფილი თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებმა
მოქალაქეებმა "Newpress.ge"-ს უთხრეს, რომ კარვები ორ თვის წინ აიღეს.
"აქვე ვცხოვრობ. ხშირად მოვდიოდი კარვებში და საჭმელიც
მომქონდა. მოხუცები იყვნენ ძირითადად და მუშაობა
არ შეეძლოთ. კარავი მათთვის ერთადერთი თავშესაფარი
იყო. აქ ეძინათ და მთელ დღეებს აქ ატარებდნენ. მოსახლეობა ვზრუნავდით მათზე. საშინელებაა,
რომ გააუქმეს და ამ ხალხს ღამის გასათევი ადგილი წაართვეს." - აცხადებს ადგილობრივი
მცხოვრები, ნათელა გერაძე.
ადგილობრივი, დიმიტრი კოჩაძის თქმით კი, რამდენიმე მიუსაფარი ადამიანი,
რომლებიც კარვებში ცხოვრობდა, ახლა ღამეს სხვადასხვა საცხოვრებელი ბინების სადარბაზოებში
ათევს. "კარავში საწოლზე მაინც ეძინათ. ახლა კი, როცა აიღეს, ვიცი, რომ სადღაც
სადარბაზოებში და ნანგრევებში ძინავთ."
კარვები ქუთაისში 24 ბენეფიციალზე იყო გათვლილი. მათთვის ორჯერად კვებას "მადლიერების სახლი" უზრუნველყოფდა.
ავტორი: ასმათ ყურაშვილი