ტესტირების შედეგების გასაპროტესტებლად კონკურსანტებს 2 დღე აქვთ
ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმების მსურველთა ტესტირების ეტაპი დასრულდა. კონკურსანტებს შედეგების გასაპროტესტებლად ორი დღე აქვთ. მათ, როგორც ქუთაისის თვითმმართველობაში აცხადებენ, პრეტენზიებით გამოცდების ეროვნულ ცენტრს უნდა მიმართონ და არა ქუთაისის მერიაში შექმნილ საპრეტენზიო კომისიას. "საპრეტენზიო კომისია შექმნილი იყო მხოლოდ პირველი ეტაპის პრეტენზიების განსახილველად. პირველ ეტაპზე შემოსული განცხადებების განხილვის შედეგად 29 კონკურსანტის გამოცდაზე დაშვება გადაწყდა. მეორე ეტაპზე წარმოქმნილი პრეტენზიების შესახებ კი კონკურსანტებმა ეროვნულ საგამოცდო ცენტრს უნდა მიმართონ. მათი შედეგები 2 დღის შემდეგ გახდება ცნობილი.“- განაცხადა ქალაქის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ეკა კრავიშვილმა.
კონკურის შემდეგი ეტაპი, რომელიც გასაუბრების ფორმით წარიმართება, 25 ნოემბრიდან დაიწყება.
ავტორი: ანა ჯიქია