ზესტაფონში "კათარზისი"–ს რეაბილიტირებული შენობა გაიხსნა
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სათნოების სახლ "კათარზისი"–ს ჰუმანიტარულ ორგანიზაციას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. შესრულებული სამუშაოებისთვის საჭირო თანხა კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზმა" გამოყო. თანამედროვე სტანდარტებისა და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი შენობა იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა და „სოკარ ჯორჯია გაზის“ გენერალურმა დირექტორმა აზერ მამედოვმა გახსნეს. ამჟამად „კათარზისის“ დაფინანსებაზე“ სოკარ ჯორჯია გაზი“ ზრუნავს. ორგანიზაციისთან ის უკვე 3 წელია თანამშრომლობს და მისი უშუალო დაფინანსებით 120 ადამიანი ყოველდღიურად იკვებება. გარდა აღნიშნულისა, ორგანიზაცია მზრუნველობამოკლებული ადამიანების სამედიცინო მომსახურეობაზეც ზრუნავს, მათთვის განსაზღვრულია უფასო მედიკამენტებიც. მოხუცები ადგილზე იღებენ პენსიასა და სოციალურ შემწეობას. „ლიბერთი ბანკის“ მოლარე ოპერატორები ორგანიზაციას ადგილზე ემსახურებიან. „კათარზისი“, როგორც მზრუნველობამოკლებულ ადამიანთა დაწესებულება, ზესტაფონში 11 წლის წინ ჩამოყალიბდა. თავდაპირველად ორგანიზაციაში 30 ადამიანი იყო გაწევრიანებული და ის გაეროს ფონდიდან ფინანსდებოდა.
ავტორი: ნიუპრესი