"შეაჩერე ფემიციდი!"
ქალთა მოძრაობის მიერ, ქალთა მიმართ ძალადობის შესაჩერებლად ორგანიზებული აქცია "ქალზე ძალადობა დანაშაულია - შეაჩერე | STOP violence against women" საქართველოს 21 ქალაქში, მათ შორის ქუთაისშიც გაიმართა. საზოდადოებრივ აქციას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები შეუერთდნენ, მათ შორის საია, "ქალები რეგიონების განვითარებისთვის" და მასთან არსებული ქალთა კლუბი, "ახალგაზრდა სოციალისტები", ასევე მედიის წარმომადგენლები, ქალაქის საკრებულოს წევრები, სტუდენტები და რიგითი მოქალაქეები.
აქციის მონაწილეებმა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად პეტიცია მოამზადეს და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. პეტიცია დაწერილია ირაკლი ღარიბაშვილის, დავით უსუფაშვილისა და კოტე კუბლაშვილის სახელზე. პეტიციაში ჩადებულია მექანიზმები, რომლის გათვალისწინებით, როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, აღმოიფხვრება ქალთა მიმართ ძალადობა.
როგორც "ქალთა კლუბის" ერთ-ერთი დამფუძნებელმა, მაკა ხეცურიანმა აღნიშნა, ქალთა მიმართ ძალადობა არამარტო ქალთა პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციებმა, არამედ თითოეულმა მოქალაქემ უნდა დაგმოს. "ქალთა კლუბი" სიამოვნებით შეუერთდა დღევანდელ აქციას. ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ, რომ ეს საშინელი რეალობა, ქალთა მიმართ ძალადობაა, ერთად დავგმოთ. მიხარია, რომ ბევრნი ვართ ამ აქციაზე." -თქვა მაკა ხეცურიანმა.
აქციის მონაწილე სტუდენტის, გიორგი ძნელაძის აზრით, ქალთა მიმართ ძალადობას მასშტაბური ხასიათი ბოლო პერიოდში არ მიუღია და იგი საქართველოში ყოველთვის არსებობდა. "ვაპროტესტებ ძალადობას, რომელსაც ადგილი ქართულ რეალობაში ყოველდღიურად აქვს. ქალს უფლება არ აქვს, რომ ამ ძალადობაზე ხმა ამოიღოს, რადგან მას არ აქვს გარანტია, რომ სამართალდამცავები მას ეფექტურად დაიცავენ. ქალებმა ახლა დაიწყეს გამოფხიზლება. ქალების ნაწილი აღარ ფიქრობს, რომ თუ კი ქმარი მათ სცემს, ეს მხოლოდ ოჯახის პრობლემაა. ვფიქრობ, რომ მყისიერი და უეცარი შედეგი ამ აქციებს არ მოყვება, მაგრამ კოორდინირებული მუშაობით ჩვენ შედეგს მივაღწევთ", - განაცხადა გიორგი ძნელაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს, 10 თვის მანძილზე სულ მცირე 24 ქალი მოკლეს. ამ რიცხვს ბევრად აღემატება ის შემთხვევები, რომლებიც ფატალური შედეგით არ დასრულებულა.მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.
ავტორი: ასმათ ყურაშვილი