გაფიცული რკინიგზელები მგზავრების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას იხსნიან
"ქუთაისი 2" პირველადი პროფკავშირის ორგანიზაციის თავმჯდომარის დიმიტრი სულაქველიძის თქმით, რკინიგზის პროფკავშირი მგზავრების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას იხსნის.
„ მეექვსე დღეა ვართ გაფიცულები. რკინიგზა მუშაობს, მაგრამ მას მართავენ ინსტრუქტორები და სადგურის მორიგეები. ჯერჯერობით სამგზავრო მატარებლის მემანქანეები არ გაფიცულან, თუმცა გამორიცხული არაა მათაც შეწყვიტონ მუშაობა. ამ ეტაპზე გზები შეუმოწმებელია, ამიტომ ალბათობა იმისა, რომ რაიმე შემთხვევა მოხდეს, არსებობს. არაა დაშვებული მატარებელმა შეუმოწმებელ გზებზე იაროს.“- ამბობს დიმიტრი სულაქველიძე.
შეგახსენებთ, გაფიცვა მეექვსე დღეა ზეტაფონში, ხაშურში, სამტრედიაში, ბათუმსა და ქუთაისში მიმდინარეობს.
რკინიგზელების მთავარი მოთხოვნა ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება, საპროცენტო განაკვეთის გაზრდა, მეცამეტე ხელფასის ანაზღაურება, საერთო ჯამში კი, არსებული სახელფასო სისტემის შეცვლაა. მათი თქმით, ისინი აქციებს მაშინ შეწყვეტენ, როცა „საქართველოს რკინიგზა“ მათ მოთხოვნებს შეასრულებს.
ავტორი: ანა ჯიქია