ქუთაისის მერის მოადგილის "მუქარა" და დირექტორის "შავი სია"
ქუთაისის ილია ჭავავაძის სახელობის ბიბლიოთეკის თანამშრომლები ქუთაისის მერის მოადგილის, ნოდარ მიქიაშვილის განცხადებას ეხმიანებიან.
ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე ნინო ძოწენიძე საკუთარი ფეისბუკის გვერდზე ნოდარ მიქიაშვილს მუქარასა და შანტაჟში ადანაშაულებს.
,,გთხოვთ ყველას გულდასმით მოისმინოთ ვიცე მერის ნოდარ მიქიაშვილის კომენტარი, რომელიც შეიცავს მუქარისა და შანტაჟის ელემენტებს. ეტყობა, ბატონი ნოდარი ვერ გამოვიდა "ნაცების" კოშმარული ხანიდან და ვერც ძველი ტერმინოლოგიით საუბარს გადაეჩვია. ,,ულტიმატუმის ენა' და ხალხის დაშანტაჟება ნაცების გამოცდილი მეთოდი იყო... ბიბლიოთეკის თანამშრომლები არ საუბრობენ ულტიმატუმის ენით. პირიქით, მათ მრავალგზის თხოვეს დახმარება მას, თუმცა უშედეგოდ. ნაცნობ–მეგობრების საკეთილდღეოდ წაყრუების პოლიტიკა აირჩია და სართოდ იგნორირება გაუკეთა სისტემას...სიმართლეს და სამართალს ვერ მოერევით. თქვენი ასეთი განცხადებებით მხოლოდ თავი გამოიაშკარავეთ."- წერს ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე.
ბიბლიოთეკის თანამშრომლები ასევე ე.წ. შავ სიაზე საუბრობენ, რომლის შედგენა დირექტორმა ნარგიზ ჩოგოვაძემ მიქიაშვილისთვის გადასაცემად დააპირა, თუმცა თანამშრომლების ჩარევის შედეგად უკან დაიხია.
ხარისხის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ინგა გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს: -"სად არის ჩვენი არჩეული ქალაქის მერი? ნოდარ მიქიაშვილი კარგა ხანია აქაურობის გასუფთავებისთვის ემზადება. ამ წუთებში დირექტორი გაფიცულების სიებს ადგენს, ალბათ, მას უნდა მიართვას."
ბიბლიოთეკის თანამშრომლების თქმით, ისინი სამი კვირის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობნდენ ქალაქის მერთან შეხვედრას, რის შემდეგაც გამაფრთხილებები გაფიცვა მოაწვეს.
ავტორი: გიგა გელხვიიძე