|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ევროპა ჩვენი სახლია“ ქუთაისის მერს უპირისპირდება

 არასამთავრობო ორგანიზაციამ, ,,ევროპა ჩვენი სახლია“-მ დემოკრატიული ჩართულების ცენტრში ბრიფინგი გამართა, რომელზეც 19 ნოემბერს, ავტომაგისტრალის 32 კილომეტრიანი მონაკვეთის საზეიმო გახსნაზე მერიის თანამშრომელთა სამსახურებიდან უკანონოდ გაყვანის ფაქტი კიდევ ერთხელ გააპროტესტა.  როგორც  ორგანიზაციის წევრმა თორნიკე ბარათაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ ღონისძიებას, რომელიც  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  გაიმართა, ქუთაისის მერიის თანამშრომლები და ააიპ-ების ხელმძღვანელები სამუშაო საათებში, მერიის ორგანიზებით 4 ავტობუსით ჩაიყვანეს.

   ამ ფაქტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციამ, ,,ევროპა ჩვენი სახლია“ მერიას ოფიციალური წერილით მიმართა და აღნიშნულის განმარტება და  იმ თანამშრომელთა სია მოითხოვა,  რომლებიც 19 ნოემბერს სამსახურში არ იმყოფებოდნენ.

      არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ევრობა ჩვენი სახლია“  მომხდარის გამო ბრალს ქუთაისის მერს,  შოთა მურღულიას დებს და აღნიშნავს, რომ მსგავსი ფაქტი პირველი არ არის.  რამდენიმე ხნის წინ  მერის დავალებით,  სამსახურის თანამშრომლები სამუშაო საათებში გარეთ გამოიყვანეს  და მერიის წინ რაღაც გაუგებარ აქციაში ჩართეს.

     ,,ქუთაისის მერისგან მოვითხოვთ დაუბრუნდეს დემოკრატიის საფუძვლებს და საკუთარი და მისი პარტიის ინტერესების ამომრჩევლის ხარჯზე განხორციელებას მომავალში ადგილი აღარ ჰქონდეს. უახლოეს მომავალში ჩვენ ამ დოკუმენტაციას გადავუგზავნით  საერთაშორისო ორგანიზაციებს ,,ენდიაისა“ და ,,აირასის“, რომლებიც მსგავსი ფაქტებით ყოველწლიურად ინტერესდებიან“,  - განაცხადა ,,ევროპა ჩვენი სახლია“-ს  წევრმა თორნიკე ბარათაშვილმა.

ავტორი: გიგა გელხვიიძე