ვიქტორ დოლიძემ ამირან ძოწენიძეს საკრებულოს სხდომაზე „ბორჯომის“ ბოთლი ესროლა
დაპირისპირება დეპუტატებს შორის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“
დაფინანსების თემამ გამოიწვია. ვიქტორ დოლიძის
გაღიზიანება ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ამირან ძოწენიძის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც დეპუტატებს
განუცხადა, რომ „ვისოლმა“ კლუბის სპონსორობაზე უარი თქვა, ხოლო ქალაქის ბიუჯეტი კლუბის
დაფინანსებას ვერ შეძლებდა.
„ყველამ უნდა
მოკითხოს ქალაქის მერს, რომელიც ამბობდა, რომ „ტორპედოს“ სპონსორი უნდა მოუძებნონ.
ის ამბობდა, რომ „ვისოლი“ უნდა წავიდეს და „ტორპედოს“ მოუძებნიან უკეთეს სპონსორს“,-
განაცხადა ამირან ძოწენიძემ.
ჩხუბის დასრულების შემდეგ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“
დეპუტატებმა ამირან ძოწენიძემ და გია უკლებამ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
შეგახსენებთ, რომ
ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე მეცხრე სხდომაზე ქუთაისის 2014 წლის ბიუჯეტში შესატან
ცვლილებებს განიხილავდნენ. ერთ-ერთი ცვლილება
კლუბ „ტორპედოს“ დაფინანსებას შეეხებოდა. „ვისოლ ჯგუფმა“ საფეხბურთო კლუბის სპონსორობაზე
უარი 2 კვირის წინ განაცხადა, რის გამოც მას
ჯარიმის სახით 500 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. „ვისოლმა“ ამ ეტაპზე უკვე 100 ათასი ლარი გადარიცხა კლუბის ანგარიშზე.
ავტორი: ანა ჯიქია