ქუთაისში გიორგი ლომთაძისა და ანატოლი ჭურღულიას ვარსკვლავი გაიხსნა
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა, რომელიც თეატრის ღვაწლმოსილ მსახიობებს, სახალხო არტისტებს გიორგი ლომთაძესა და ანატოლი ჭურღულიას მიეძღვნა.
ღონისძიების შემდეგ, მათ საპატივცემულოდ, თეატრის წინ ვარსკვლავები გაიხსნა.
"ეს არის ორი სახალხო არტისტის, საოპერო თეატრის ბატონის, გიორგი ლომთაძისა და ანატოლი ჭურღულიას ვარსკვლავის გახსნა, რომელიც მათი შემოქმედების დიდი გვირგვინია. ქუთაისს დიდი ხელოვნების თანავარსკვლავედი ჰყავს და ამ თანავარსკვლავედს კიდევ ორი შეემატა. ბედნიერი ვარ, ისევე, როგორც ბედნიერი უნდა იყოს წესით ყველა ქუთაისელი", - განაცხადა თორნიკე მარჯანიშვილმა.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა გიორგი ლომთაძისა და ანატოლი ჭურღულიას მოწაფეებმა მიიღეს.
"ეს დღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა ამ მშვენიერი საღამოს ორგანიზატორებს. მე ვიგრძენი თქვენი სიყვარული და სითბო, რამაც ძალიან გამაბედნიერა", -აღნიშნა ანატოლი ჭურღულიამ.
შეგახსენებთ, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 45 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო კვირეული 23 დეკემბერს დაიწყო და 27 დეკემბერს დაიხურება.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი