"ფოე-ფოეში" მოსწავლეებმა საკუთარი ხელნაკეთი ნივთები გამოფინეს
ქუთაისში ჩაის სახლში მისულ სტუმრებს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი ხელნაკეთი ნივთები წარუდგინეს. "ფოე-ფოეში" გამართული გამოფენა-გაყიდვის მიზანი მოსწავლეების შემოქმედების წარმოჩენა და პოპულარიზაცია იყო. "გამოფენაზე მოსწავლეებმა თავიანთი ხელით გაკეთებული ყელსაბამები, სამაჯურები, თიხის ფირფიტებზე ნახატები წარმოადგინეს. გამოფენით გვინდა ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების შემოქმედების პოპულარიზაციას", - აღნიშნა გამოფენის ორგანიზატორმა თიკო ასათიანმა.
გამოფენაში მონაწილე ახალგაზრდა ხელოვანების თქმით, მსგავსი ღონისძიებების გამართვა ხშირად უნდა ხდებოდეს. "გამოფენაზე მე ხელნაკეთი სამაჯურები და ბლოკნოტები წარმოვადგინე. სასურველია, ასეთი ღონისძიებები ხშირად ტარდებოდეს. დღევანდელი გამოფენა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქუთაისში ნამდვილად არიან ნიჭიერი ახალგაზრდები", - აღნიშნა მარიამ ბიბიჩაძემ.
ახალგაზრდა ხელოვანებისთვის ეს რიგით მეოთხე გამოფენა იყო.
ავტორი: ანა ჯიქია