გეგუთის N14 დაწესებულებას ახალი დირექტორი ჰყავს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი გეგუთის
N14 სასჯელაღსრულების დაწესებულებას ეწვია და სისტემის თანამშრომლებს დაწესებულების ახალი დირექტორი, ზურაბ ფერაძე წარუდგინა.
მინისტრის განცხადებით, სასჯელაღსრულების ამ დაწესებულებასთან დაკავშირებული სტერეოტიპი საბოლოოდ
უნდა დაამსხვრიოს და N14 დაწესებულება დასავლურ
სტანდარტებს დაუახლოვდეს.
„სასჯელაღსრულების დაწესებულებების დირექტორების დღევანდელი წარდგენა,
უწყების ღიაობის უპრეცედენტო მაგალითია. აქამდე, როგორც წესი, ეს ადამიანები საზოგადოებისთვის
უცნობები იყვნენ, თუმცა, თქვენ თავად ხედავთ, რომ მიდგომები იცვლება და იცვლება სისტემის
გამჭვირვალობის სასარგებლოდ,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
ახალი დირექტორის წარდგენის შემდეგ, მინისტრი მსჯავრდებულებს შეხვდა და მათ საჭიროებებს პირადად გაეცნო. გიორგი მღებრიშვილმა დაწესებულების სასადილო დაათვალიერა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
გიორგი მღებრიშვილმა დღესვე ახალი ხელმძღვანელი ბათუმის N3 დაწესებულებაშიც წარადგინა. თანამდებობაზე კახაბერ გველესიანმა ალექსანდრე პეტროსიანი შეცვალა.
ავტორი: ანა ჯიქია