ილია ჭავჭავაძის რეაბილიტირებული ძეგლი გაიხსნა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი ამაშუკელმა, წიწამურში, ილია ჭავჭავაძის რეაბილიტირებული ძეგლი გახსნა.
ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის, წმინდანის ძეგლის რეაბილიტაციის მოთხოვნით, საზოგადოება სხვადასხვა მთავრობებს წლების განმავლობაში მიმართავდა, აწყობდა აქციებსა და გამოსვლებს, თუმცა - უშედეგოდ. სარეაბილიტაციო სამუშაოები ახალი ხელისუფლების პირობებში, ოთხი თვის წინათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაიწყო.
სამუშაოების დაწყებამდე ძეგლის კვარცხლბეკი და მიმდებარე ტერიტორია, პრაქტიკულად, დანგრეული იყო. პროექტის ფარგლებში, განახლდა კვარცხლბეკი, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა კვარცხლბეკამდე მისასვლელ კიბეებს, ამფითეატრს, გაკეთდა განათება, დაირგო ბროწეულის ხეები, კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 500 ათასი ლარი შეადგინა. მთავრობის დავალებით, სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციის პროექტი ძეგლის ავტორს, არქიტექტორ, თეიმურაზ ბოჭორიშვილს ეკუთვნის.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური აცხადებს, ილია ჭავჭავაძის ძეგლის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს მხარის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანება მომავალ წლისათვისაა დაგეგმილი.
რეაბილიტირებული ძეგლის გახნას ესწრებოდნენ: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე; მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, ნუგზარ ყიფიანი; ძეგლის არქიტექტორი, თეიმურაზ ბოჭორიშვილი; სასულიერო პირები, მწერლები, სხვა ოფიციალური პერსონები, სტუდენტები.
ავტორი: ნიუპრესი