უკრაინაში საომრად წასულ ქართველ მებრძოლებს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, ცხელ წერტილებში საომრად წასულ ქართველ მებრძოლებს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ამ შესახებ გაზეთი ,,ალია“ წერს.
,,მას შემდეგ, რაც უკრაინაში ქართველი მეომარი გარდაიცვალა და თავდაცვის სამინისტრომ სამძიმართან ერთად სკანდალური განცხადებაც გაავრცელა, რომ უკრაინაში ქართველის დაღუპვაზე პასუხისმგებლობა წინა ხელისუფლებას ეკისრება, - ამის გამო ,,ნაციონალებმა“ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთი ამბავი ატეხეს. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ თითქოს ამ ქვეყანაში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექი არც არავის უნახავს, არც არავის წაუკითხავს და არც არავის აინტერსებს, მათ შორის ხელისუფლებასაც. მაშინ როდესაც უწყებას მთელი დუნია მისდგა ჩასაქოლად, არავის გახსენებია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლი, სადაც გასაგებად წერია, რომ დაქირავებულის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში ან საომარ მოქმედებაში თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 6 წლამდე ისჯება. კანონი მიღებულია 2006 წლის 28 აპრილს და სრულ შესაბამისობაში მოდის 1977 წელს მიღებულ ჟენევის კონვენციის 47-ე ოქმთან“,-წერს გაზეთი.
,,რატომ დუმს ხელისუფლება და რატომ არ იყენებს კანონს, რომლის წინაშეც ყველანი ერთნი ვართ? რატომ იმართლებენ თავს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და რატომ იხდიან ბოდიშებს დაუსრულებლად? სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განმარტებულია, ვინ ითვლება დაქირავებულად: დაქირავებულად ითვლება ის, ვინც არ არის იმ ქვეყნის მოქალაქე, სადაც შეიარაღებული კონფლიქტია და მოქმედებს მატერიალური გასამრჯელოსთვის.
როდესაც მიხეილ სააკაშვილი ქართველ მებრძოლებს მოუწოდებდა, უკრაინაში ჩამოდით საბრძოლველად, დიდი ხელფასები გექნებათო, - მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრულიყო“,-აღნიშნავს გამოცემა.
ავტორი: ნიუპრესი