|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უცხოური მედია მამა ილიას გარდაცვალების შესახებ წერს

იტალიური მედია ადრიატიკის ზღვაში, ბორან Norman Atlantic –ზე დაღუპული ქართველი სასულიერო პირის, მამა ილია კარტოზიას გარდაცვალების შესახებ წერს. გამოცემამ repubblica.it გემზე მყოფი საქართველოს მოქალაქის, 25 წლის ირაკლის ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელიც მამა ილიას შესახებ საუბრობს.
როგორც საქართველოს გადარჩენილი მოქალაქე აცხადებს, მას შემდეგ, რაც გემზე ხანძარი გაჩნდა, მამა ილია მას ამხნევებდა და ძალას მატებდა და სასოწარკვეთილებაში რომ არ ჩავარდა, სწორედ მამა ილიას დამსახურება იყო.
გამოცემასთან ინტერვიუში ირაკლი ამბობს, რომ Norman Atlantic-ზე ცოლთან და 9 წლის შვილთან ერთად იყო.
"როდესაც გემზე ხანძარი გაჩნდა, მე ჩემი შვილი ხელში ავიყვანე და გავიქეცი. მამა ილია მამშვიდებდა, მეუბნებოდა, რომ მეფიქრა ღმერთზე და ღმერთი დამეხმარებოდა. ასე მაძლევდა ძალას. მაჩვენებდა გზას, სად უნდა წავსულიყავი", - განაცხადა ირაკლიმ. როგორც ირაკლი ამბობს, მამა ილიას ზურგჩანთა ჰქონდა, რომელშიც ხატები ჰქონდა და მას არასდროს იცილებდა.
მისი თქმით, როდესაც სამაშველო ნავებზე გადადიოდნენ, მამა ილიამ დაინახა ქალი პატარა ბავშვით და მათ სამაშველო გემზე თავისი ადგილი დაუთმო, თვითონ კი ცეცხლმოკიდებულ გემზე დარჩა.
"მოგვიანებით, როდესაც მისი რიგი მოვიდა, მისი გემიდან გადმოყვანის დროს, სამაშველო თოკი გაწყდა და მამა ილია ზღვაში ჩავარდა", - იხსენებს ირაკლი. მისი თქმით, ვიღაცამ წყალში სამაშველო ჟილეტი გადააგდო, თუმცა ძლიერი ღელვის გამო, მამა ილიამ მასთან მიახლოვება ვერ შეძლო.

ავტორი: ნიუპრესი