39 პოზიციაზე კონკურსი ხელახლა გამოცხადდება
ადგილობრივ თვითმმართველობაში ჩატარებული კონკურსის შედეგები, დღეს, ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარემ, დავით დვალმა შეაფასეს. "ოქტომბერში გამოცხადებული კონკურსი დასრულებულია, გამარჯვებული კონკურსანტების საშუალო მაჩვენებელი 82 პროცენტს აღემატება, რაც მაღალი შედეგია და მნიშვნელოვნად გაზრდის თვითმმართველობის საქმიანობის მაჩვენებლის ხარისხს. არაკვალიფიციური კადრების დანიშვნას კონკურსის თავიდან გამოცხადება ვამჯობინეთ,"- აღნიშნა შოთა მურღულიამ.
კონკურსის შედეგებს დადებითად აფასებს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე: " შევეცადეთ მაქსიმალურად კვალიფიციური კადრები შეგვერჩია, ვფიქრობთ, ძლიერი გუნდი შეიკრიბა და ამ შემადგენლობით თვითმმართველობა მოახერხებს ეფექტურ მართვას", - თქვა დავით დვალმა. მისი თქმით, კონკურსანტების "გამოცდას" შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები და უნივერსიტეტიდან მოწვეული სპეციალისტები ესწრებოდნენ. საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, კონკურსანტის თანხმობის შემთხევაში, ვიდეო გადაღება მიმდინარეობდა, ასევე გასაუბრების პროცესს 3 არასამთავრობო ორგანიზაცია - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო; სამართლიანი არჩევნები აკვირდებოდა.
რაც შეეხება დარჩენილ ვაკანსიებს, მათ დასაკავებლად კონკურსი 2 კვირაში გამოცხადდება.
შეგასენებთ, კონკურსი ადგილობრივ თვითმმართველობაში 2014 წლის 20 ოქტომბერს გამოცხადდა, სადაც დასაქმების მსურველთა მაღალი აქტივობა შეინიშნებოდა, შესაბამისად, ყველაზე მაღალი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი თბილისის შემდეგ ქუთაისში დაფიქსირდა.
ავტორი: ანა ჯიქია