|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს საელჩო საფრანგეთში საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საელჩო საფრანგეთში საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომლითაც
საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
"ქ.პარიზში განხორციელებული 7 იანვრის ტერორისტული აქტის შემდეგ, მთელს საფრანგეთის ტერიტორიაზე გამოცხადებულია საგანგებო ვითარება და ამუშავებულია ე.წ. Vigipirate გეგმის ოთხი პუნქტიდან მეორე, წითელი პუნქტი, რაც გულისხმობს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების ამოქმედებას, პოლიციისა და შეიარაღებული ძალების გაძლიერებულ მობილიზებას და მათ განთავსებას ე.წ. საფრთხის შემცველ ზონებში. განსაკუთრებით ყურადღებით იყავით ხალხმრავალ და საჯარო თავშეყრის ადგილებში,"- ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს საელჩო საფრანგეთში ასევე მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, თვალყური ადევნონ საელჩოს ვებ გვერდს, სადაც მიაწვდიან ინფორმაციას უახლესი უსაფრთხოების ზომების შემოღების ან განსაკუთრეული საფრთხის შესახებ.


შეგახსენებთ,  7 იანვარს პარიზში, ჟურნალ  "შარლი ებდოს" რედაქციაში შეიარაღებული თავდამსხმელების შეჭრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა. გარდაცვლილთა შორის არიან გამოცემის მთავარი რედაქტორი და სამი ცნობილი კარიკატურისტი. დაიღუპა ორი პოლიციელი.

ავტორი: ნიუპრესი