|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოგი წულაიამ ქალაქის ცენტალურ ნაწილში ურნების არარსებობა გააპროტესტა

   პარტიის ,,თავისუფალი საქართველო" იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარემ ქალაქის ცენტრალურ ბაღში ბრიფინგი გამართა, სადაც ურნების არარსებობაზე ისაუბრა.
   წულაიას განცხადებით, მოქალაქეებს არ ეძლევათ იმის საშუალება, რომ დაიცვან კანონი და საჯარიმო სანქციებს თავი აარიდონ.
  ,,კანონმდებლობა შეიცვალა, ჯარიმები გაიზარდა გარემოს დანაგვიანების გამო, რასაც მე პირადად ვეთანხმები. როდესაც ადამიანი მანქანიდან ისვლის ბოთლს, სიგარეტის ნამწვს, ან რაიმე სხვა სახის ნაგავს, ის აუცილებლად უნდა დაჯარიმდეს. თუმცა კანონმდებლები, რომლებიც გადაჭარბებით ასრულებენ გეგმას და კანონებს ერთ კვირაში აცხობენ, უნდა იცოდნენ, რომ როდესაც პასუხისმგებლობის ტვირთი გადმოდის მოქალაქეებზე, ასევე პასუხისმგებლობის ტვირთი უნდა არსებობდეს ხელისუფლებაზეც. ხელისუფლებამ უნდა ინებოს და შექმნას შესაბამისი გარემო, რათა მოქალაქეებმა შეძლონ კანონის დაცვა. მაინტერესებს, ვინ უნდა დაჯარიმდეს ამ შემთხვევში, როდესაც ქალაქის ცენტრალურ ბაღში არ არსებობს ნორმალური სანაგვე ურნა. ადამიანი, ვინც კეთილსინდისიერად ჩააგდო ნაგავი ურნაში, რომელიც "გამობრდღვნილია" და დავარდა ძირს, თუ ხელისუფლება",  - აცხადებს წულაია.

     გოგი წულაის ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი მალხაზ ბასილაძე პასუხობს და სანაგვე ურნების არქონაში მოქალაქეებს ადანაშაულებს:     ,,ნაწილობრივ,  ეს არის მოქალაქეების ვანდალური საქციელი, რამაც ურნების დაზიანება გამოიწვია. ადამიანის თვითშეგნება უნდა გაიზარდოს იმ დონეზე, რომ ამგვარ ქმედებებს მოვერიდოთ. ჩვენ დავგეგმეთ 2015 წელში იმ ორგანიზაციასთან ერთად, რომელიც მწვანე საფარს უწევს მოვლა-პატრონობას, რომ მოხდება ყველა ურნის ჩასადების ცეცხლგამძლე მასალისგან დამზადება და ამით შევეცდებით, რომ შევზღუდოთ იმ ადამიანების ვანდალური მოქმედება,  რამაც ამ ურნების დაზიანება გამოიწვია." 
      წულაია იმასაც აღნიშნავს, რომ  ურნები შემოტანილია ირანიდან,  ისინი უხარისხო და გამოსაყენებლად უვარგისია. ამასთანავე,  წულაია მერიას ურჩევს, რომ შემდეგში მსგავსი სახის პროდუქცია ადგილობრივ საწარმოებს დაამზადებინოს და ისედაც დეფიციტური დოლარის ქვეყნის გარეთ გატანა არ მოხდეს.    ,,ეს სიმახინჯე ირანიდანაა შემოტანილი და თუ კი ახალი ხელისუფლება ამ ყველაფრის გამოსწორებას შეეცდება, მე მათ ვურჩევ, რომ ისედაც დოლარის დეფიციტი აქვთ და საზღვარგარეთ რაიმე ყიდვას და დოლარის გარეთ გატანას, კეთილი ინებოს და აქვე, ქუთაისში დაამზადებინოს რომელიმე საწარმოს, რომელიც ასეთს თუ არა, ამაზე უკეთესს მაინც გააკეთებს", - განაცხადა წულაიამ.
      მალხაზ ბასილაძე ამ კონკრეტულ შენიშვნასაც გამოეხმაურა, თუმცა როგორც გაირკვა, მან ნაკლებად იცის,  ურნები ხარისხიანია თუ არა და მეტიც, დანამდვილებით არც იმ ინფორმაციას ფლობს,  თუ რომელი ქვეყნიდან მოხდა აღნიშნული ურნების შემოტანა:    ,,მე არ ვიცი ეს ურნები ირანული იყო თურქული თუ, რომელი სახელმწიფოს წარმოებული, თუმცა ქარხნული წარმოებისაა და ალბათ, უხარისხო არ უნდა ყოფილიყო", - განაცხადა ბასილაძემ.

ავტორი: გიგა გელხვიიძე