სოლიდარობა ფრანგ ჟურნალისტებს
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ჟურნალისტიკის სკოლისა
და ადმინისტრაციის წევრებმა საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტი გააპროტესტეს და
ფრანგ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს. აქციის მონაწილეების თქმით, 21-ე საუკუნეში აუცილებელია
ადამიანებს მიეცეთ პირადი აზრის გამოხატვის თავისუფლება.
„ახალგაზრდული
ცენტრის მოხალისეთა კლუბმა გადავწყვიტეთ მონაწილეობა მიგვეღო ჩვენი ცენტრის მიერ ორგანიზებულ
აქციაში, რომელიც საფრანგეთში მომხდარ ტერორისტულ აქტს მიეძღვნა“, - აღნიშნა ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მოხალისეთა კლუბის
ხელმძღვანელმა, აკაკი საღინაძემ.
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მენეჯერის, თემურ ცამციშვილის თქმით, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი გმობს საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებს. „ეს არის დარტყმა არა მარტო ჟურნალისტიკაზე, არამედ ზოგადად თავისუფლებაზე“, - განაცხადა ცამციშვილმა.
ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის, ნატალი პატარიძის თქმით, 21-ე საუკუნეში ადამიანები კალამს იარაღით არ უნდა უპირისპირდებოდნენ. „ამან არც ერთ საუკუნეში და ეპოქაში არ გაამართლა, დარჩა სახელები მოლიერი, არისტოფანე და სხვები, მაგრამ მათ კრიტიკოსებს არავინ იცნობს დღეს, ამიტომ უმჯობესი იქნება ტერორისტებმა ისტორია იკითხონ“, - აღნიშნა პატარიძემ.
ფრანგული სატირულ-იუმორისტული ჟურნალის, "შარლი ებდოს" რედაქციაში თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ჟურნალის რედაქტორი. მძიმედ დაშავდა 11 ადამიანი.
ავტორი: ასმათ ყურაშვილი