|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შოთა მურღულია:"როცა მე არ ვესწრები სხდომას, "ნაციონალურ მოძრაობას" ეძლევა ფრთების გაშლის საშუალება"

საკრებულოს სხდომაზე ქუთაისის მერი "ნაციონალების"  განცხადებას  გამოეხმაურა, რომელმაც წინა სხდომაზე მწვავე დაპირისპირება გამოიწვია, რასაც ცნობილი "ბორჯომის"ინციდენტიც მოჰყვა. საქმე საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" დაფინანსებას ეხება. როგორც ცნობილია,  კლუბს "ვისოლის"  დაფინანსება შეუწყდა, რაშიც საკრებულოს  ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა" წევრებმა ქალაქის მერი დაადანაშაულეს.  
მურღულიამ "ნაციონალების ბრალდება  უარყო. მისი თქმით, "ნაციონალებმა" წინა სხდომაზე მისი არყოფნით ისარგებლეს და თამამი განცხადებები აკეთეს: "როცა მე არ ვესწრები სხდომას,  "ნაციონალურ მოძრაობას"  ეძლევა ფრთების გაშლის საშუალება, როცა მე ვარ,  მაშინ აღარ მოდიან", - აღნიშნა ქუთაისის მერმა და  კომპანია "ვისოლს" მადლობა გადაუხადა:  "ამდენი ხნის განმავლობაში გვეხმარებოდა "ვისოლი" და კომპანიამ იმდენი  თანხაც დატოვა,   რომ გუნდი გარკვეული პერიოდის განმავლობაში შევინახოთ", -განაცხადა ქალაქის მერმა.

 ის ფაქტი, რომ დღევანდელ სხდომას "ნაციონალური მოძრაობის" არც ერთი წარმომადგენელი არ ესწრებოდა,  "ნიუპრესთან" საუბარში საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის წევრებმა სხვადასხვა მიზეზებით ახსნეს: გია უკლებას თქმით, ის ავად არის, ხოლო  ბესიკ ბრეგაძემ განაცხადა, რომ  ქალაქში არ იმყოფებოდა.
წინა საკრებულოს სხდომის დაპირისპირების ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა, ამირან ძოწენიძემ ტრადიციულად "თამამი" განცხადება გააკეთა: "ბატონი მურღულია არის ჩვეულებრივი მატყუარა,  თვითონვე განაცხადა, რომ "ვისოლი" წავა და ჩვენ მოვიყვანთ ახალ სპონსორსო.  მაინტერესებს,  სად არის ახალი სპონსორი? მან ხელი შეუწყო "ვისოლს", რომ დაეტოვებია გუნდი"- განუცხადა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა "ნიუპრესს".
შეგახსენებთ, რომ „ვისოლ ჯგუფმა“ საფეხბურთო კლუბის სპონსორობაზე უარი 3 კვირის წინ  განაცხადა, რის გამოც მას ჯარიმის სახით  500 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.  „ვისოლმა“ ამ ეტაპზე უკვე  100 ათასი ლარი გადარიცხა კლუბის ანგარიშზე. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი