ქუთაისის მერიის პრესსამსახური „ნაციონალების“ კანდიდატისთვის მუშაობს
ქუთაისის მერიის პრესსამსახურის უფროსი სამსახურებრივი
მოვალეობის განხორციელების დროს „ნაციონალების“ მაჟორიტარობის კანდიდატისთვის მუშაობს.
რაც კანდიდატის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა.
საუბარია, ქუთაისის მერიის მთავარ სპეციალისტზე საზოგადოებასთან
და პრესასთან ურთიერთობის საკითხებში – ქეთი დეისაძეზე, რომელიც არაოფიციალურად ქუთაისის
მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი თევდორაძის (ყოფილი მერი) პრესსამსახურის ფუნქციას
ასრულებს, სამუშაო საათებში. ქეთი დეისაძე კუთვნილი სამსახურებრივი შვებულებით დღეის
მდგომარეობით (14 სექტემბერი) არ სარგებლობს.
გუშინ, 13 სექტემბერს, მერიის მთავარმა სპეციალისტმა
საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის საკითხებში მის ყოფილ უფროსთან გიორგი თევდორაძესთან
newpress-ის მიერ ჩაწერილი ინტერვიუს აუდიო ფაილი მოითხოვა. ინტერვიუც მხოლოდ ქეთი
დეისაძესთან შეთანხმებით შედგა, რომელიც სატელეფონო საუბრისას ასევე, „შეგვითანხმდა“
რომ ინტერვიუს (13 სექტემბერი, 10:30 საათი) ისიც დაესწრებოდა, მაგრამ ეს ადმინისტრაციული
რესურსის გამოყენებად არ ჩაგვეთვალა.
ინტერვიუს ჩაწერის დღეს, ის newpress-ის
ოფისში, გიორგი თევდორაძის მოსვლამდე ცოტა ხნით ადრე მოვიდა. თუმცა, ინტერვიუს დაწყებისას
ოფისი დატოვა. მოგვიანებით კი ჩაწერილი ინტერვიუს აუდიო ფაილი მან პირადად, რამდენჯერმე
მოითხოვა.
„აუდიო ფაილი მომეცით, ეს თხოვნაა პირადად ჩემი. ისიც მაინტერესებს, ვებზე როდისთვის აპირებთ განთავსებას, მე კი ვიქნები ყურადღებით, მაგრამ იქნებ გამაგებინოთ“ – გვითხრა ქეთი დეისაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი თევდორაძემ ქუთაისის მერის პოსტი არჩევნებში მონაწილეობის
გამო მიმდინარე წლის 16 აგვისტოს დატოვა. თუმცა მერიის პრესსამსახური არაოფიციალურად,
დღემდე მის სამსახურშია.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, კი საჯარო
სამსახურში დასაქმებულ პირს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების დროს ეკრძალება
საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა, რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ.
„თუ დადასტურდა ინფორმაცია, რომ მერიის პრესსამსახურის
უფროსი ამჟამად არ სარგებლობს სამსახურებრივი შვებულებით, ასრულებს სამსახურებრივ ფუნქციას
და თქვენს მიერ დასახელებულ ფაქტს ნამდვილად ქონდა ადგილი და ეს ფაქტი მოხდა უშუალოდ
სამსახურებრივი ფუნქციის შესრულებისას (18:00 საათამდე), მაშინ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს
საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა სავარაუდო დარღვევას. კერძოდ, საარჩევნო
კოდექსის მე–2 მუხლის ჰ პრიმა მუხლის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაცია არის: „ამომრჩეველთა
მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის
მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერი
საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას,
ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს,
მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო
მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური
პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა“, – ამბობს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალის იურისტი გიორგი ჭიქაბერიძე.
ასევე, იურისტის თქმით,
საარჩევნო კოდექსის 45–ე მუხლის მე–4 ნაწილის თ პუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციის
გაწევისა და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა: „სახელმწიფო
და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საჯარო მოხელეებისა, როდესაც ისინი უშუალოდ
ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს“.
გარდა ამისა, საარჩევნო
კოდექსის 49–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის
უფლების მქონე პირს, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოში უკავია თანამდებობა,
ეკრძალება რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად წინასაარჩევნო აგიტაციის პროცესში
თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება. რაც გულისხმობს წინასაარჩევნო
აგიტაციის გაწევას სამსახურებრივი ფუნქციის შესრულებისას.
ავტორი: ნიუპრესი