პატიმრობის კანონში ცვლილებები იგეგმება
მიმდინარე კვირაში პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს კანონპროექტს „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“და მის თანმდევ ორმოცამდე პროექტს, რომელთა ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა. „პატიმრობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების თანახმად, ხდება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის გარდაქმნა და მისი სტრუქტურის ახლებურად ჩამოყალიბება. კერძოდ, სასჯელაღსრულების ძირითადი ორგანო, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ნაცვლად, ხდება პენიტენციური დაწესებულება (რომელიც მთელ რიგ მუხლებში ანაცვლებს ტერმინს - პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება). ხოლო, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი გარდაიქმნება სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფად - პენიტენციურ დეპარტამენტად. გარდა ამისა, სამინისტრო იყოფა ორ მიმართულებად: სამოქალაქო სამსახურად და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურად. ამ უკანასკნელში ერთიანდებიან პენიტენციური დაწესებულებები და ის დანაყოფები, რომელთა საქმიანობაც უშუალოდ არის დაკავშირებული სასჯელის აღსრულებასთან. ცვლილებით ხდება სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის გაუქმება. გარდა ამისა, ზუსტდება ცალკეული სპეციალური საშუალებების გამოყენების საკითხები, აგრეთვე კანონპროექტი ითვალისწინებს რეორგანიზაციასა და სამართალმემკვიდრეობასთან დაკავშირებულ რეგულაციებს.
ავტორი: ირინა მაკარიძე