„ვარდების რევოლუცის“ მიღწევები ბუტაფორულია"
„ხელისუფლება არ აღიარებს მის მიერ დაშვებულ შეცდომებს.
სახელისუფლებო სტრუქტურები დღეს ერთიმეორის მიყოლებით ამტკიცებენ, რომ ყველაფერი კარგადაა. ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ იმ ანკესსს, რომ არა მხოლდ
რეგიონში, არამედ ევროპაში საქართველოს ლიდერის
პოზიცია უჭირავს. „ვარდების რევოლუციამ“ დადებითზე
მეტი უარყოფითი მოუტანა ქვეყანას. ამ გამოცემის მიზანი იყო დავმსხდარიყავით დარგის
ექსპერტები და მშვიდად გაგვეანალიზებინა რევოლუციის
შედეგები,“ – განაცხადეს დამოუკიდებელმა ექსპერტებმა ქუთაისში, 2003 წლის „ვარდების
რევოლუციის“ შედეგებთან დაკავშირებული მოხსენების
პრეზენტაციაზე. აღნიშნული მოხსენება ექსპერტებმა
მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს გააცნეს.
მოხსენების ავტორებმა პრეზენტაციაზე ხელისუფლების წარმომადგენლების დაუსწრებლობის მიზეზი
შემდეგნაირად ახსნეს: „ჩვენ გვინდოდა მათი დაპატიჟება, თუმცა თავი შევიკავეთ და ისინი უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაყენეთ, რადგან ის ეიფორია, რომელიც ხელისუფლების
მაღალ ეშელონებშია, ავტომატურად ვრცელდება დაბალ ეშელონებზეც,“ – განაცხადეს მოხსენების
ავტორებმა.
როგორც ექსპერტებმა განმარტეს, მოხსენებაში გაკეთებული კრიტიკური შენიშვნები შესაბამისი
ფაქტობრივი მასალითაა გამყარებული და მკითხველს
მისი ნამდვილობის გადამოწმება შეუძლია. მოხსენების
მიხედვით, თუ ქვეყანაში გაიზარდა ხელფასები
და პენსიები, შემცირდა მსყიდველობითუნარიანობა.
მოხსენებაში ასევე, საუბარია უმუშევრობის დონეზეც.
„2003 წლის
შემდეგ დასაქმებულთა საერთო რაოდენობა ქვეყანაში 151 000–ით შემცირდა. უმუშევრობის
დონე ქვეყანაში განსაკუთრებით მაღალია ახალგაზრდებში. ექსპერტული შეფასებით, საქართველოდან დაახლოებით 800 000–მდე ჩვენი
თანამემამულეა გასული ეკონომიკური მიზეზებით,
რომელთაგან 720–750 000 დაქირავებით არის დასაქმებული. ბოლო რვა წლის განმავლობაში საქართველოში პენსიები
7ჯერ და მეტად გაიზარდა. თუმცა საშუალო პენსია ოფიციალური საარსებო მინიმუმის მხოლოდ
70%–ია. სომხეთში ეს მაჩვენებელი 85%–ია, აზერბაიჯანში –115%,“ – ნათქვამია მოხსენებაში.
მოხსენების თანახმად, ბიზნესის დაწყების სიმარტივის მიუხედავად, საქართველო
უცხოური ინვესტიციებისათვის ვერ გახდა განსაკუთრებული ინტერესის ობიექტი. გარდა ამისა,
რთულ ვითარებაშია ბიზნესი, რომელიც ხელისუფლების კონტროლის ქვეშ იმყოფება.
„ვერც ერთი ბიზნესმენი,რომელმაც უარი თქვა „ნაციონალური
მოძრაობის“ და მათი პროექტების ნებაყოფლობით
დაფინანსებაზე, ვერ გადაურჩა სააკაშვილის ხელისუფლების მსახვრალ კლანჭებს. ყველა მეწარმეს
და ბიზნესმენს, რომელსაც თუნდაც მცირე შემოსავალი აქვს, არაოფიციალურად ავალდებულებენ წილი შეიტანოს „ნაციონალების“ ყულაბაში, თუ მათ საქმის
კეთება და თავისუფლების შენარჩუნება სურთ, “ – ნათქვამია მოხსენებაში.
მოხსენაბაში „ვარდების რევოლუციის“ მიღწევად სახელდება
ასევე, ის, რომ საზოგადოებაში დამკვიდრდა ტერმინი „ელიტარული კორუფცია“. გარდა ამისა, მოხსენებაში საუბარი შეეხება მაღალ
ენერგოტარიფებსაც. ისიც არის აღნიშნული, რომ
კვლავ რჩება პრობლემები წყალმომარაგების სექტორში,
რომლის ფონზე ქვეყნის მასშტაბით წყალი კვლავ გრაფიკით მიეწოდება
მოსახლეობას.
„ხელისუფლება საზოგადოებას სამადლოდ ახსენებს, რომ მუდმივად
გვაქვს დენი. თუმცა ელექტროენერგიის სიძვირით საქართველო ყველა ჩვენს მეზობელ პოსტსაბჭოთა
ქვეყანას უსწრებს და ბევრად არც მაღალგანვითარებული ქვეყნების ტარიფებს ჩამოუვარდება.
მაგალითისთვის, სომხეთში 1 კვტ. ელექტროენერგია ლარზე გადაანგარიშებით, 10 თეთრზე ნაკლები
ღირს,
უკრაინაში მხოლოდ 5 თეთრია. ჩვენთან კი ელექტროენერგის ტარიფი 13.5–17.7 თეთრს შეადგენს. ერთადერთი დადებითი, რაც
ბოლო წლებში ქართულ ენერგეტიკაში მოხდა, ეს არის აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის სტაბილური
მოწოდება და საკუთარი
ელქტროენერგიის წარმოების გაზრდა,“ – ნათქვამია მოხსენებაში.
ექსპერტების შეფასება შეეხება „ვარდების რევოლუციის“
შემდგომ საქართველოში ჩამოყალიბებულ განათლების
სისტემასაც. მოხსენების მიხედვით, სკოლებში
მანდატურების ინსტიტუტის შემოღებამ, წესრიგის
დამყარების ნაცვლად, დასმენის სისტემა აამოქმედა. მანდატურების ინსტიტუტისგან განსხვავებით, მოხსენებაში
დადებითად არის შეფასებული მასწავლებელთა სასერტიფიკაციო
გამოცდები, თუმცა გაკრიტიკებულია სწავლის საფასურის
გაზრდა, კვლევითი ინსტიტუტების გაუქმება და მეცნიერებათა აკადემიის სტატუსის დასუსტება.
„ვარდების რევოლუცის“ მიღწევები, ბუტაფორულია. „ნაციონალური
მოძრაობა“ განსაცდელის სახით მოევლინა ჩვენს
ქვეყანას და იმედია ამ განსაცდელს გავუძლებთ. მომავალი არჩევნები იქნება გარდამტეხი
ეტაპი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. იმის მიუხედავად, რომელი ძალა გაიმარჯვებს არჩევნებში,
ქვეყანაში „ვარდების რევოლუციის“ ეტაპი სრულდება,“
– ამბობს მოხსენების ერთ–ერთი ავტორი, პოლიტიკის
მეცნიერებათა კანდიდატი, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე