|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სახალხო დამცველი job.ge-ს დისკრიმინაციის წახალისებაში ედავება

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი შპს "ჯობს.გეს" მიმართავს, შეიმუშავოს ისეთი რეგულაციები, რომლითაც მის ვებგვერდზე დისკრიმინაციული ვაკანსიების გამოქვეყნება აღმოიფხვრება. ომბუდსმენის ცნობით, საქმე ეხება ვაკანსიების შესახებ განცხადებებში გამოყენებულ სქესზე ორიენტირებულ ფრაზეოლოგიას.

"ვებ-გვერდ www.jobs.ge-ზე გამოქვეყნებული იმ განცხადებების უმეტესობა, რომელიც შეიცავს მითითებას კონკრეტულ სქესზე, გარეგნობაზე თუ ოჯახურ მდგომარეობაზე, სამუშაოს მაძიებელ პირებს უზღუდავს შრომის ხელმისაწვდომობისა და შრომის განხორციელების უფლებას, არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს მათ ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან შედარებით,"– ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში

ომბუდსმენის განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42- მუხლის" მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა. ამ კვლევის თანახმად, 2010 წლიდან 2014 წლის ოქტომბრამდე საიტზე სულ 71,360 განცხადება დაფიქსირდა. აქედან, მდედრობით სქესზე ორიენტირებული ენის გამოყენება ვაკანსიების 10.01%-ის შემთხვევაში ჩანს, ხოლო მამაკაცებზე ორიენტირებული ენა- 24.02%-ის შემთხვევაში. www.jobs.ge- ბაზაზე სიტყვა "მამაკაცის" გამოყენება 1088-ჯერ დაფიქსირდა; ფრაზა "სასიამოვნო გარეგნობა"- 1589 განცხადებაში; სიტყვა "სტაბილურს" 780 განაცხადი შეიცავს; ხოლო სიტყვა "ქალბატონი" 607 შემთხვევაში გამოიყენეს.

 სახალხო დამცველის განცხადებით,  მსგავსი განცხადებების გავრცელება ხელს უწყობს შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციული პრაქტიკის განვითარებას.

სახალხო დამცველმა ორგანიზაციას ზოგადი წინადადებებით მიმართა, შეიმუშავოს ისეთი რეგულაციები, რომლითაც აღმოიფხვრება დისკრიმინაციული ვაკანსიების გამოქვეყნება მის ვებგვერდზე. ამასთან, სახალხო დამცველის ოფისმა გამოთქვა მზადყოფნა, დაეხმაროს „jobs.ge"- ადმინისტრაციას სახელმძღვანელოს შემუშავებაში, რომელიც მას გაუადვილებს დისკრიმინაციული ვაკანსიების გამოქვეყნების შეზღუდვას.

 

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა