,,ქართულ ეკონომიკას ასურელი დევნილების შეფარება არ შეუძლია“
ქართველი ხალხის მოთხოვნას, ხელისუფლების მიერ ასურელი
ბავშვების შეფარების თაობაზე დეპუტატები ეხმიანებიან. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის შოთა მალაშხიას თქმით, არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონის პირობებში საქართველოს ახალი დევნილების შეფარება არ შეუძლია.
,,მოგეხსენებათ, რეალურად ეკონომიკა რა მდგომარეობაშია. ამ ფონზე, ცხადია, ხელისუფლებას არანაირი შესაძლებლოა არ გააჩნია დააკმაყოფილოს ახალი დევნილები. იმ დევნილების უზრუნველყოფა ვერ ხდება, რომლებიც გვყავს.
იმ ადამიანებს ვერ ეხმარებიან, რომელთაც ქვეყანაში ხოცავენ და აუპატიურებენ, რადგან ამ ხელისუფლებას
მხოლოდ პრემიების დარიგება და ხელფასების გაზრდა შეუძლია. ასურელების შეფარება
ზოგადად იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთხელ ამოვვარდებით საერთაშორისო კონტექსტიდან. რა თქმა უნდა, ამ ხალხს სჭირდება დახმარება, მაგრამ ქართული ეკონომიკა მათ ვერაფერს შესთავაზებს,“-აღნიშნავს მალაშხია.
გაცილებით ოპტიმისტურ განცხადებებს სახელისუფლებო გუნდის წევრები აკეთებენ. გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევის პრიორიტეტი, არა გამართული ეკონომიკა, არამედ მორალური მხარდაჭერაა.
,, ჩვენი ადამიანური განწყობა და მოვალეობაა ამ ხალხს დავეხმაროთ. საზოგადოებაშიც არის ამის მზაობა. რაც შეეხება ეკონომიურად რამდენად შეძლებს ქვეყანა ახალი დევნილების მიღებას და რამდენად გვაქვს ამის ფინანსური შესაძლებლობა, ამ კითხვას მთავრობამ უნდა უპასუხოს“,-აღნიშნავს ვოლსკი.
ავტორი: ეკა შალამბერიძე