"პარკირების ღირებულება ან გაბერილია, ან დაინტერესებული პირები თანხის შემცირებას უცდიან"
არასამთავრობო ორგანიზაციის „საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრი“ ხელმძღვანელი სულხან ქობულაძე პარკირების ადგილებზე გამოცხადებული აუქციონის ჩაშლის ფაქტის გამო შოთა მურღულიას მიმართავს და მერიაში შესაბამისი სამსახურის შექმნისკენ მოუწოდებს.
„ქუთაისში პარკირების ადგილებზე გამოცხადებული აუქციონი მეორედ ჩაიშალა. წინა წლებში პარკირებიდან შემოსავალი 50–55 ათასი ლარი იყო. მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონი მიხედვით კი გამარჯვებულმა 660 ათასი ლარი უნდა შემოიტანოს ბიუჯეტში. თუ ეს გათვლები სწორია, გამოდის, რომ გამარჯვებული ფირმის ყოველწლიური მოგება რამდენჯერმე მეტია ბიუჯეტში შემოტანილ თანხაზე. მივმართავ ქალაქის მერს, ბატონ შოთა მურღულიას, თუ თქვენი გათვლები სწორია შექმენით მერიაში შესაბამისი სამსახური, ქუთაისს დღეს დოტაციური ბიუჯეტი აქვს, ეს საკმაოდ წაადგებოდა ქალაქს,“ -აღნიშნავს ქობულაძე. მისივე განცხადებით, აუქციონის ღირებულება ან გაბერილია, ან დაინტერესებული პირები თანხის შემცირებას უცდიან. "ორჯერ ჩატარებული ტენდერის ჩავარდნა იმაზე მიანიშნებს, რომ ეს თანხა ან გაბერილია, ან ვიღაცეები უცდიან თანხის დაგდებას".
როგორც ქუთაისის მერის მოადგილემ კონსტანტინე ქავთარაძემ „ნიუპრესთან“ საუბარში აღნიშნა, აუქციონის ღირებულება არავითარ შემთხვევაშიარ შემცირდება. მისივე განმარტებით, საწყისი ფასი არის რენტაბელური. აუქციონს შედეგად კი კერძო სუბიექტის მხრიდან საქმიანობის წარმატებით განხროციელება, და ქალაქში არსებული პარკირების მოწესრიგება მოჰყვება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი