ქუთაისელ „ჩერნობილელებს“ მატერიალური დახმარება გაეწევათ
ჩერნობილის ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა. ჩერნობილელთა ხსოვნის მემორიალთან ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილები მიიტანეს და დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს. მემორიალთან წმინდა დოსითეოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა ზურაბმა დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. მემორიალთან ის ადამინებიც შეიკრიბნენ, რომლებიც ტრაგედიის დროს ჩერნობილში იმყოფებოდნენ. ქუთაისიდან ჩერნობილელთა დასახმარებლად 130 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 26 გარდაცვლილია. ქალაქის მერის შოთა მურღულიას განცხადებით,
„ჩერნობილელებს“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან მატერიალური დახმარება გაეწევათ. მატერიალურ დახმარებას გარდაცვლილთა ოჯახის წევრებიც მიიღებენ.
1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის ავარია მოხდა. ეს იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა დაეკონომიკური ზიანით.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი