როგორია ქუთაისის მომავალი?
"ქუთაისის მომავალი", ასე ერქვა შეხვედრას, რომელიც დემოკრატიული ჩართულობის ცენტში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით მოეწყო. შეხვედრაზე მიწვეულ სტუმრებს შორის არ იყო ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელი. როგორც ღონისძიების მოდერატორმა, ქეთი ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ მას სურდა დისკუსიას არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელი დასწრებოდა, თუმცა როგორც გაირკვა, არქიტექტურის სამსახურს არქიტექტორი არ ჰყავს.
ურბანულ განვითარების შესახებ გამართულ დისკუსიაში ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი, არქიტექტორი, სამშენებლო-საპროექტო კომპანია „ხუროს“ ხელმძღვანელი დავით მელქაძე და ქალაქმგეგმარებელი, არქიტექტორი ზურაბ ბაქრაძე მონაწილეობდნენ.
პაატა კლდიაშვილის თქმით, სტრატეგიული გეგმის შედგენის გამოცდილება ქვეყანაში არ არსებობს. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური, ისე არქიტექტურული განვითარების გენგეგმების არსებობა. "ჩვენ შევეცდებით შევიმუშაოთ ქალაქის ეკონომიკური სტრატეგია და ამავდროულდ დავიცვათ ქალაქის იერსახე. არსებობს მოსაზრება, რომ უამრავი პრობლემის ფონზე გრძელვადიანი ხედვა განვითარების მეორე პლანზე გადავიდეს, მაგრამ ჩვენ არ გავქვს ფუფუნება გრძელვადიანი ხედვების ჩამოყალიბებაზე უარი ვთქვათ. სამწუხაროა, რომ ვერცერთი ხელისუფლების დროს ვერ მოხერხდა განვითარების გეგმის შედგენა და ჩვენ ვერ ვაწვდით ინფორმაციას ინვესტორებს თუ რა კუთხით ვითარდება ქალაქი", - განაცხადა პაატა კლდიაშვილმა.
არქიტექტორისა და ქალაქმაგეგმარებლის დავით მელქაძის თქმით, ის, რომ ქალაქს განვითარების გეგმა არ აქვს, უყურადღებობის ბრალია. "ქვეყნის განვითარებაში ქუთაისის წვლილი 20-25 პროცენტი იყო. ქალაქს მიწის გამოყენების გეგმა უნდა ჰქონდეს და ამის შესაბამისად უნდა ვითარდებოდეს. ბევრი რამ ქუთაისში არ ხდება, არ არის განაშენიანების განსაკუთრებული ტემპები, რაც კეთდება აზიანებს ისტორიულ ნაწილს. თუ ჩვენ ვერ ვახერხებთ მის გაკეთებას, ის მაინც უნდა შევძლოთ, რომ რაც არის, ისიც არ გავაფუჭოთ",- განაცხადა დავით მელქაძემ.
შეხვედრაზე პაატა კლდიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისიას აღნიშნა, რომ უახლოესი 2-3 თვის შემდეგ ქალაქის განვითარების გეგმის სამუშაო ვერსია მზად იქნება.
ავტორი: ანა ჯიქია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა