,,ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტთან შეხვედრას მოითხოვს
,,მივესალმებით პრეზიდენტ მარგველაშვილის გადაწყვეტილებას", ,,მარგველაშვილმა მორიგი სწორი გადაწყვეტილება მიიღო" - ასე ეხმაურებიან საპარლამენტო უმცირესობაში პრეზიდენტ გიორგი მარგველშვილის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების ერთი კვირით გადადებას. ,,ნაციონალურ მოძრაობაში" მიიჩნევენ, რომ ახალ მინისტრთა კაბინეტში არ არის რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას. ამიტომაც პრეზიდენტმა დროული და სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართა.
,,არსებულმა მართვის სტილმა, არსებულმა ხელმძღვანელობამ და წარმოდგენილმა მინისტრთა კაბინეტმა საქართველო და თითოეული ოჯახი ძალიან ღრმა ფინანსურ და ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანა. სრულიად ნათელია, რომ მინისტრთა კაბინეტის ის შემადგენლობა, რომელიც პრემიერმა წარადგინა, არის იგივე და არანაირი არსებითი ცვლილება არ განუცდია. აქედან გამომდინარე, მივესალმებით და მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ მარგველაშვილის ინიციატივას, რომ არ მოხდეს მთავრობის წარმოდგენა ამ ფორმით," - განაცხადა ბაქრაძემ.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ასევე მზადყოფნას გამოთქვამს კონსულტაციებისთვის და მოითხოვს პრეზიდენტთან შეხვედრას.
,,ჩვენ ველით პრეზიდენტ მარგველაშვილისგან, რომ ეს ერთი კვირა არ იქნება მხოლოდ მექანიკური დროის გაწელვა, არამედ ის გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, რომ საზოგადოებამ და ქვეყანამ, მიიღოს რეალური ცვლილებები. ჩვენ ვითხოვთ პრეზიდენტთან შეხვედრას, რათა ქვეყანამ აღარ მიიღოს ისეთი მთავრობა, რომელმაც ის ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანა" - ამბობს ბაქრაძე.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, პრემიერის მიერ წარმოდგენილი ახალი მინისტრთა კაბინეტისთვის პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა, ერთი კვირით გადადო.
ავტორი: გიგა გელხვიიძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა